"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა

"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა

2016 წლის 10 იანვარს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა - 12 წლის სალომე ტატიშვილს სრიალის დროს დიდი სისწრაფით შეეჯახა 18 წლის მოთხილამურე ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრიალის დროს გაჩერება ვერ მოასწრო, რის გამოც მთელი სისწრაფით დაეჯახა 12 წლის გოგონას.

დაღუპული სალომე ტატიშვილი სამედიცინო ცენტრ "იუნონას" გენერალური დირექტორის მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი და აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ახალგაზრდა, რომელმაც 12 წლის გოგონა იმსხვერპლა დღემდე დაუსჯელია, სალომეს ოჯახი კი სამართალის აღსრულებას ელის. გოგონას დედა, ნინო ჟვანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს აღნიშნულთან დაკავშირებით:

"ორ წელზე მეტი გავიდა გუდაურში სალომეს გარდაცვალებიდან. უპასუხისმგებლო და უტიფარი მოსრიალე დაეჯახა, დალეწა და ადგილზე მოკლა 12 წლის მზესავით ბავშვი, საკუთარი დების და მეგობრების თვალწინ. მოდიოდა ნასვამი, აწყვეტით, პირდაპირი დაშვებით, ჯოხების გარეშე. დაეჯახა ზურგიდან, მიაყენა უმძიმესი დაზიანებები და შანსი არ დაუტოვა. ამ ფაქტზე საქმე, რა თქმა უნდა, აღიძრა. თუმცა, მე თვეზე მეტი ამისთვის არ მეცალა - ჩემი დარდი და განცდები მქონდა. ამას თან ერთვოდა ჩემი დანარჩენი შვილების მდგომარეობა - ერთ დღეში მთლიანად შეეცვალათ სამყარო, მოლოდინები და მომავალი... ერთ დღეში გაიზარდნენ და დასევდიანდნენ.

დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, როცა დავინტერესდი, სად იყო იმის დედა, ვინც დაეჯახა სალომეს ან მამა, მათი ოჯახის რომელიმე წევრი, რატომ არცერთი არ მოვიდა ჩვენთან, ჩვენსავით განადგურებული, სამძიმრის სათქმელად, აღმოვაჩინე, რომ ამ დანაშაულის ჩადენიდან პირველივე წუთებში გიორგი ლიპარტელიანის ოჯახი განცდების და სინანულის მაგივრად გამალებით ცდილობს თავის დაძვრენას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პირველად ცხოვრებაში შევეჯახე ხალხის ისეთ კატეგორიას ამ ოჯახის სახით, რომელსაც მსგავსი ტრაგედიის შემდეგ სურს ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. დარბიან გამოძიებაში, პროკურორებთან, ზეწოლას ახდენენ მოწმეებზე და ყველა ძალას ხმარობენ, რომ საქმე შეწყდეს. ხუთი თვე დასჭირდა ბრალის წაყენებას და საქმის სასამართლომდე მიტანას, მთელი ხუთი თვე, როცა ყოველ მეორე დღეს ხან მცხეთაში და ხან გორში (თბილისში გადმოტანამდე საქმეს იძიებდა მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა) გვიბარებდნენ გამომძიებლები მე, მერაბს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ადვოკატს, რომელიც ჩვენი უფლებადამცველია ამ საქმეში, რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ იმ იმედით ალბათ, რომ დავიღლებოდით და ხელს ჩავიქნევდით.

სასამართლოში ლიპარტელიანის დაცვის სტრატეგია იყო აბსურდული, არათანმიმდევრული და უსუსური. მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი მოწმე, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის 20-ზე მეტმა მოწმემ მისცა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეასკდა აწყვეტით მოსრიალე ლიპარტელიანი სალომეს ზურგში. მთელი პროცესის განმავლობაში ლიპარტელიანი იყენებდა დუმილის უფლებას, რაც, სხვათაშორის, ხელს არ უშლიდა სიცილში.

სასამართლოს მიმდინარეობისას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებების და დაცვის მხარის არაარგუმენტირებული სტრატეგიის ფონზე, აშკარა იყო გაუფრთხილებლობით სალომეს სიცოცხლის მოსპობის ფაქტი და დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსამართლე გამოიტანდა ერთადერთ სამართლიან განაჩენს - გამამტყუნებელს. თუმცა, ბესიკ ბუგიანიშვილმა თავისი აბსურდული, ცინიკური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გამამართლებელი განაჩენით გვითხრა, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული ჩვენ ქვეყანაში არ ისჯება, რომ გუდაურში, ბაკურიანში და სხვაგან კვლავ გაგრძელდება მთვრალების აწყვეტით სრიალი, მათ მიერ ხალხის დალეწვა, დაზიანება და ამას უბედური შემთხვევა დაერქმევა, რომელზეც არავინ აგებს პასუხს. რა თქმა უნდა ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. საჩივარი უკვე შევიტანეთ სააპელაციოში და ველოდებით პირველი სხდომის ჩანიშვნას. მაგრამ საქალაქო სასამართლოში მიღებული საშინელი გამოცდილების ფონზე, ნამდვილად აღარ მჯერა სამართლიანი განაჩენის.

გიორგი ლიპარტელიანი სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა ჩემს რომელიმე სხვა შვილს ან ვინმე სხვის შვილს. ამ საქმეში სამართლიანობისთვის ბრძოლაში მე ჩემ პასუხისმგებლობას ვგრძნობ არა მხოლოდ სალომეს და ჩემი დანარჩენი შვილების, არამედ სალომეს ყველა მეგობრის და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც კვლავ გახდება ასეთი დანაშაულის მსხვერპლი. ბავშვები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, ამ ქვეყნის მომავალია და აქ უნდა იცხოვრონ. მოსამართლის განაჩენით სახელმწიფომ მათ თავხედურად და ცინიკურად უთხრა, რომ რაც თავის თვალით ნახეს, თურმე სიმართლე არ ყოფილა და არ მომხდარა.ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტული, ხვალ და ზეგ მთაზე სხვისი გაუფრთხილებლობით დაშავებულმა ადამიანმა თამამად უნდა მიაკითხოს გამოძიებას, მოითხოვოს უპასუხიმგებლობისთვის პასუხი და ჰქონდეს სამართლიანი განაჩენის იმედი" - წერს ნინო ჟვანია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს