შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან

შსს-მ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ დაადგინა ჯგუფები, რომლებიც დანაშაულის ჩამდენი, 14 წლამდე მოზარდების უკან დგანან.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან.

მინისტრის მოადგილემ 14 წლამდე მოზარდებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მატებასა და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენციის გზებზე ისაუბრა. მეზვრიშვილის შეფასებით, 14 წლამდე არასრულწლოვნებში დანაშაულისკენ მიდრეკილება დღეს არსებული ხარვეზიანი რეფერირების სისტემის შედეგია. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, დანაშაულის ჩამდენმა მოზარდებმა იციან, რომ მათ არავითარი პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი, არ ეკისრებათ. 

„14 წლამდე მოზარდებში დანაშაული მცირედით მომატებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ანუ ეს მოზარდები უფრო ხშირად ჩადიან მაგალითად, ქურდობას და ნაკლებად ძალადობრივ დანაშაულს. რაც შეეხება მათ მართულობას, ჩვენმა ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე მოზარდებს დანაშაულებრივი კავშირი აქვთ 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებთან, რომლებმაც ასევე იციან, რომ ამ ბავშვებს არავითარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. 

სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ეს მხოლოდ და მხოლოდ შსს-ს პრობლემა არაა. ძალიან კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი, რაც უკვე დავიწყეთ. შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მესამე შეხვედრაა დაგეგმილი ამ ჯგუფის, სადაც სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი ხედვები უნდა წარმოადგინონ. დღეს პრობლემაა რეფერირების მექანიზმი. ცუდად მუშაობს ეს მექანიზმი. 14 წლამდე მოზარდის მიერ დანაშაულის ჩადენის აღმოჩენის შემდეგ, გამოძიება წყდება და მორჩა, წერტილი. იმის იქით ამ ბავშვის რაიმე სარეაბილიტაციო პროგრამაში გადამისამართება არ ხდება, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ შეიქმნას სისტემა, რომელიც ერთი მხრივ, დანაშაულის პრევენციაზე და მეორე მხრივ, დანაშაულის ჩამდენი მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იმუშავებს. 

„დღეს ყველანი ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ავაწყოთ რაღაც ჯაჭვი, რომელიც იმუშავებს ორი მიმართულებით. ერთი - სანამ არასრულწლოვანი დანაშაულს ჩაიდენს, მანამდე მოხდება დანაშაულის პრევენცია და მეორე - როდესაც დანაშაულს ჩაიდენს და არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, იცოდეს, რომ მას დაეკისრება პასუხისმგებლობის ალტენატიული ზომები, როგორიც იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და მათზე დასწრება, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებში მონაწილეობა და სხვა, რაც მთლიანად ამ არასრულწლოვნის, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე იქნება მიმართული. ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ამ პრობლემას მოაგვარებს, ვინაიდან კანონის გამკაცრება გამოსავალი არაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ. 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს