ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

ცივი იარაღის გაყიდვა-შეძენაზე შეზღუდვები დაწესდება

ცივი იარაღის გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი, მისი შეძენა კი განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ. 

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს, რომლის ინიცირებაც მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. 

ცივი იარაღის რეალიზაციის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევაზე, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, მოხდება რისკ-ჯგუფების განსაზღვრა, თუ ვისზე არ უნდა გაიყიდოს ცივი იარაღი. მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის პრობლემის მოგვარებას. 

„დღეს ცივი იარაღის ყიდვა-გაყიდვა არ არის რეგულირებადი და ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგულაციებში მოვაქციოთ. გვინდა დავაწესოთ შეზღუდვები, მათ შორის კანონმა განსაზღვროს, ვის არ შეიძლება მივყიდოთ ცივი იარაღი. მაგალითად, არასრულწლოვნებს, ნასამართლევ პირებს და ა.შ. გვინდა გამოვყოთ ე.წ. რისკ ჯგუფები, რომლებისთვისაც არ შეიძლება ცივი იარაღის მიყიდვა, გავამკაცროთ არსებული კანონმდებლობა და გარდა ამისა, დავხვეწოთ აღსრულების მექანიზმები. სწორედ ამ ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, რომ ცივი იარაღის აბსოლუტურად უკონტოლო ბრუნვის პრობლემა მოგვარდეს, რათა ეს იარაღი არ მოხვდეს არასრულწლოვნების, ან სხვა რისკ-ჯგუფების ხელში, რასაც მერე, საბოლოო ჯამში, მივყავართ დაჭრამდე და დანაშაულის ჩადენამდე. 

ასევე ვფიქრობთ, განისაზღვროს კონკრეტული ადგილები, სადაც ცივი იარაღი გაიყიდება და არა ყველგან, სადაც არასრულწლოვნისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ეს იარაღი, სადღაც მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დახლზე აწყვია, ვიღაც მიდის და ამას 5 ლარად ყიდულობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „ინტერპრესნიუსი“ დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ. 

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს