ავტორი:

სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის

სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის

სირიაში ერთდროულად სამი კონფლიქტის კერა მძვინვარებს - ალეპოში, აფრინსა და გასულ დეკემბერს, სირიის აღმოსავლეთ ღუტაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს უკვე ასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა... საქმე ის არის, რომ ქვეყანაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ყველა სახელმწიფოს “თავისი ზონა” აქვს, სადაც მათი ინტერესთა გადაკვეთა ხდება...

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გაფრთხილების, რჩევისა და მიმართვის მიუხედავად, თურქეთი აფრინის მიმართულებით სამხედრო შეტევას უფრო აძლიერებს. ბოლო ცნობებით, ერდოღანმა არმიის სპეციალური ძალები გაგზავნა აფრინში, “რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას და რეგიონში ოპერაცია წარმატებით დაასრულოს”, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერი ბექირ ბოზდაგი აცხადებს. მისივე თქმით, თურქეთი ქურთების პოზიციებზე ავიაიერიშებს გააგრძელებს.

დამასკომ თურქეთის მხრიდან განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებს, “აგრესიული თავდასხმა” უწოდა და მსოფლიოს ერდოღანის შეჩერებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამის ფონზე, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის სამიზნე, მხოლოდ აფრინის რეგიონი არ არის, რომელსაც ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტია (PYD) აკონტროლებს, - მათი ყურადღების ცენტრშია სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქურთული მანბიჯიც.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციისას 268 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს, თურქეთმა და სირიის თავისუფალმა არმიამ 7-8 ადამიანი დაკარგა. “ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ტერორისტები მთლიანად არ განადგურდებიან ", - აცხადებს ერდოღანი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორ ბონდარევის განცხადებით, სირიაში ტერორისტებზე გამარჯვების ზეიმი, ამერიკული მხარისგან განსხვავებით, ჯერ ადრეა... არადა, დაახლოებით ერთი თვის წინ, სირიის მეთაური ბაშარ ასადი რუსეთს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებაში დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

ბონდარევის თქმით, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება დროის საკითხია, - “ამერიკა ტერორიზმთან ბრძოლის საბოტაჟს რომ არ ახდენდეს, ახლა სრული გამარჯვება მიღწეული იქნებოდა...” მისი თქმით, აღმოსავლეთ ღუტაში საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე პასუხისმგებელიც ამერიკაა.

რა ხდება სირიაში და როდემდე გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი? - ამ კითხვას დასავლური მედია აქტიურად სვამს. პასუხების ძებნაში ქვეყანაში ახალ-ახალი კონფლიქტის კერა იქმნება...

“ერთდროულად რამდენიმე ფრონტია, რომელიც ბევრად სახიფათოა, ვიდრე დასაწყისში, რადგან მასში რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო პირდაპირ არის ჩართული. ამერიკა ახორციელებს პირდაპირ დარტყმებს რუსებზე, თურქეთი ემუქრება ამერიკას... ამავდროულად უპირისპირდება ირანსა და ისრაელს,” - წერს რუსული პრესა.

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, სირიაში ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის და თუ ადრე იქ კონფლიქტის მიზეზი "ისლამური სახელმწიფო" იყო, ახლა უკვე სამი ფრონტის ხაზია გახსნილი... ასადის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ის რაიონები დაიკავეს, რომლებიც ადრე ქურთულ დაჯგუფებებს ეკავათ, თუმცა, სიმშვიდე არც ალეპოში არ არის... ამასთან, ქურთული დაჯგუფებები, რომლებიც ალეპოს რაიონებს იკავებდნენ, ახლა აფრინში, თურქების წინააღმდეგ იბრძვიან...

გამოცემა The National Interest-ის ექსპერტები ირანსა და ისრაელს შორის მოსალოდნელ გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე მსჯელობენ, რადგან ირანი უკვე კრიტიკულად მიუახლოვდა ისრაელის საზღვრებს. აქამდე არასდროს ყოფილა ირანსა და ისრაელს შორის საერთო გამყოფი სამხედრო ფრონტის ხაზი. ირანი უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით უკვე ზვერავს ისრაელის შიდა ტერიტორიებს, რაც ისრაელის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს...

გამოცემის ცნობით, თუ რუსეთი გამოიდევნა სირიიდან, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გავლენის დაკარგვას ნიშნავს, დიდი ალბათობით ის ძალების კომპენსირებას კავკასიაში შეეცდება...

ქართველი ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება - ერთ-ერთი და მთავარია, კავკასიიდან “ისლამური სახელმწიფოს” მეომრების გადმოდინება და არალეგალური მიგრაცია. ასევე, თურქეთში დაძაბულობის გაზრდის ფონზე, “ცეცხლის ალის” საქართველოზე გადმოსვლა. თურქეთის ტერიტორიაზე ომის გადმოტანა კავკასიაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს.

თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, პროცესები ისე ელვისებურად ვითარდება, რომ მოსალოდნელ პროგნოზებს, მსოფლიოში ვერც ერთი ანალიტიკური ცენტრი ვერ აკეთებს.

“სირიით დაიწყო, რომლის მოსახლეობასაც ახლა სამ ფრონტზე უწევს ცხოვრება და რამდენი ქვეყნით გაგრძელდება, არავინ იცის, ისევე როგორც ის, დასრულდება თუ არა ოდესმე...” - აცხადებს ისრაელელი ანალიტიკოსი ოფერ ზალცბერგი...

ფოტო: BBC, Reuters, Sky News

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე