ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი

ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პოლიტიკოსი

ტელეკომპანია RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელეწამყვანი ეკატერინა კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატს ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა RTVI-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

დეპუტატის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე, 22 თებერვალს, ტელეკომპანია Дождь-ის სიუჟეტში იყო ნათქვამი. ტელეკომპანიამ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი რამდენიმე ქალი ჟურნალისტი გახდა, რომლებიც რუსეთის დუმაში იყვნენ აკრედიტირებულნი. სწორედ ამ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა კოტრიკაძემ, რომ ბრალდებების სჯერა, რადგან თავად გახდა მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი.

კოტრიკაძემ გაიხსენა 2011 წელს მომხდარი შემთხვევა, როცა თბილისში, ტელეკომპანია "პიკში" მუშაობის პერიოდში, ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში გაემგზავრა.

"მე დავურეკე ბატონ სლუცკის რომ ინტერვიუზე შევთანხმებულიყავით, მან კი საკუთარ ოფისში მიმიწვია კამერების გარეშე, რომ განგვეხილა, რა საკითხებზე იქნებოდა ინტერვიუ. როცა მის ოფისში მივედი, კაბინეტში შემიყვანა, კარები ჩაკეტა და კედელთან მიმაყენა. შემდეგ ხელით მეხებოდა და ცდილობდა ეკოცნა... თავი დავაღწიე და გამოვიქეცი" - აღნიშნა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევის შესახებ აქამდე არ მოუყოლია, რადგან არ სურდა პრობლემები შექმნოდა:

"მაშინ 26 წლის ვიყავი, აღმოვჩნდი მოსკოვში იმ ადამიანის ძალიან უცნაური ქმედების წინაშე, რომელიც სოლიდურ პიროვნებად მიმაჩნდა. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის" - განაცხადა ტელეწამყვანმა და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევების წინაშე რუსეთში ჟურნალისტები ხშირად დგებიან, თუმცა არაფერს ამბობენ, რადგან ვერ რისკავენ კარიერას და რეპუტაციას.

ბრალდებებს ლეონიდ სლუცკი დღეს გამოეხმაურა. დეპუტატმა ყველაფერი უარყო და დასძინა, რომ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა სასამართლოს. RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილის ბრალდებაზე კი განაცხადა, რომ "ქართველი ჟურნალისტები არამხოლოდ ამას აბრალებენ":

"უცნაურია, რომ ვერ მოიძებნენ უკრაინელი ან ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებიც ამაში დამადანაშაულებდნენ. არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა და არასდროს ქალებს არ დაუჩივლიათ ჩემი მხრიდან არასწორ საქციელზე. რაც უფრო ეფექტურად ვიმუშავებთ, მეტი ასეთი ბრალდება გამოჩნდება. თუ პროფესიული თვალსაზრისით არაფერი ექნებათ სათქმელი, ბევრ ასეთ თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს მოიგონებენ" - აღნიშნა დეპუტატმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე