ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა

ე.წ.სასამართლო სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა

ცხინვალში ბრიფინგზე ე.წ სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა.

„რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრსნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი 12:00 საათზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.„12:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ „მშვიდობა ომზე მეტია“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აქციას უერთდება საქართველოს 12 ქალაქი და პარალელური აქციების ჩატარების კონკრეტული ლოკაციები გაჟღერდება. ორგანიზატორები აქციის მთავარ მიზნებსა და კერძო სექტორის მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობის უფრო მეტად გაზრდილ ტალღაზე ისაუბრებენ.

პრესკონფერენციისთვის სივრცე „ქორთიარდ მარიოტმა“ აქციისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დაგვითმო. ასევე, აქციას შემოუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია და სოლიდარობა გამოუცხადა „ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება“, - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს