ხორავას ქუჩის საქმეზე ჩხუბში მონაწილე დაიკითხა - რა თქვა სასამართლოზე მოწმემ

ხორავას ქუჩის საქმეზე ჩხუბში მონაწილე დაიკითხა - რა თქვა სასამართლოზე მოწმემ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა.

მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის შეფასებით, დღევანდელმა მოწმემ სასამართლოს დაცვის მხარისთვის სასარგებლო ჩვენება მისცა.

როგორ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი მოწმის ჩვენება სრულად ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, თუმცა ადვოკატი მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჩვენი შეფასებით, დღევანდელი მოწმის ჩვენება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის პოზიციას, მათ მოწმეთა ჩვენებებს. მოწმის ჩვენების დეტალებზე ამ ეტაპზე ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია, თუმცა დღევანდელი ჩვენება იყო დაცვის მხარის სასარგებლო. ჩვენ ამ ყველაფერს შევაფასებთ და დასკვნით სიტყვაში, როდესაც უკვე შევაჯამებთ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დავარწმუნებთ სასამართლოს ჩვენი პოზიციის სისწორეში", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

"მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები.

მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს და გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გასული წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს