"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

"ხელყუმბარა, რის გამოც თემირლანს ესროლეს, განადგურებულია" - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

ხელყუმბარა, რომლის გამოც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლეს, განადგურებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან მალევე, 19 იანვარს გაანადგურეს და შესაბამისად, მისი დათვალიერების საშუალება დამოუკიდებელ ექსპერტებს არ ექნებათ.

კუბლაშვილი ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს და მას, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მასალების, მათ შორის სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობაზე ოფიციალურად უარი ეთქვა.

„ოფიციალური უარი მივიღეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მასალების გაცნობაზე. ეს მასალები არის მთავარი და გასაიდუმლოებული. გარდა ამისა ხელყუმბარაზეც რომ ვითხოვდი ექსპერტიზის ჩატარებას და ამ მიზნით მოვითხოვდი არ აეფეთქებინათ - აღმოჩნდა, რომ აფეთქებულია და თანაც ძალიან ადრე, იანვრის დასაწყისშივე. რა ეჩქარებოდათ ამ ხელყუმბარის აფეთქება, არ ვიცი?! ჩატარებულია ექსპერტიზა და მასზე აღმოჩენილია თემირლანის სისხლის კვალი, თუმცა ანაბეჭდის პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ხელყუმბარის შემოწმება, ვინაიდან შეიძლება მასზე სხვა მტკიცებულებებიც აღმოგვეჩინა, მათ შორის საინტერესო იყო, ფიქსირდებოდა თუ არა მასზე საწოლის ბოჭკოები. ექსპერტიზების ჩატარების გარეშე ამ ხელყუმბარის აფეთქება ძალიან დიდი დარღვევაა. მარაზმია ჩვეულებრივი!“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დღეს თბილისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩამოდის, რათა ოჯახმა სამომავლო ნაბიჯები დაგეგმოს.

„ჩამოდის დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი და გადავწყვიტავთ რამეს! ჩვენ ხელი შეგვიბოჭეს და ჩიხში მოგვაქციეს“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს