მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

მოუწევს თუ არა მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა და დაეკისრება თუ არა კომპანიას პასუხისმგებლობა

კომპანია "სითი პარკს", შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საგარანტიო უზრუნველყოფა ნახევარ მილიონ ლარამდეა წარმოდგენილი. "თუმცა, ამასთან დაკავშირებით დამატებითი სამართლებრივი პროცედურებია გასატარებელი, რაზეც ორმხრივ რეჟიმში გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. გარკვეულწილად გადმობარების პროცესი უნდა დაიწყოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, რადგან უწყვეტად განხორციელდება ოპერირება. როგორც კახა კალაძემ ბრძანა, 10 აპრილიდან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს „სითი პარკს“ და პარკირების ოპერირება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირ საფრთხეს ამ სფეროს უზრუნველსაყოფად ვერ ვხედავთ. მართვაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აიღებს", - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ "სითი პარკის" შემოსავლების მხოლოდ 40% შედიოდა თბილისის ბიუჯეტში, 60%-ს კი კომპანია იტოვებდა.

"ამ ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა სახის შემოსავლები გენერირდებოდა თბილისის ბიუჯეტში. ყველა შემოსავალს სხვადასხვა განაწილების მეთოდი ჰქონდა. ჯამური შემოსავლების დაახლოებით 40% მიდიოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, 60% კომპანიის ანგარიშზე", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ხმალაძე განმარტავს, თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს. მისი თქმით, მერია პირგასამტეხლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა.

"საჯარიმო თანხის გადახდა მხარეს მაშინ უწევს, თუ ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ გაწყვეტდა, რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა. კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრვი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანია, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და ამას შესრულება სჭირდება, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს", - განაცხადა ხმალაძემ.

როგორც ვიცე მერი აცხადებს, "სითი პარკმა" არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, მან არ მოაწყო საპარკინგე ადგილები.

"ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ნიშნების დაყენება იყო. ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. 30% საპარკინგე ადგილების არის მოუწესრიგებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს," - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ "სითი პარკს" ვალდებულებების შესასრულებლად მერიამ ვადა რამდენჯერმე მისცა, თუმცა უშედეგოდ.

"იმაზე მეტი ვადა მივეცით, ვიდრე ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, ეს ვადა უშედეგოდ გავიდა",- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი არ გამორიცხავს, რომ კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

"შესაძლოა, კომპანიამ მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პირობები და გვჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ არანაირი შიში, რომ დავის შემთხვევაში რამე ცუდად დასრულდება, არ გვაქვს,"- განაცხადა ხმალაძემ.

იხილეთ ვიდეო: პასუხი 2 მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც მძღოლებს "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ გაგიჩნდებოდათ

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო