ქალი, რომელსაც უყვარს მზარეულობა და წუხს, რომ დედობა ვერ შეძლო - ტერეზა მეის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა

ქალი, რომელსაც უყვარს მზარეულობა და წუხს, რომ დედობა ვერ შეძლო - ტერეზა მეის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა

ტერეზა მეი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია. ქვეყნის მთავრობას სათავეში დევიდ კამერონის თანამდებობიდან წასვლის და ისტორიული რეფერენდუმის, "ბრექსიტის" შემდეგ ჩაუდგა, როდესაც მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ტერეზა მერი მეი 1956 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ისტბურნში, სასექსში. მისი მამა ანგლიკანური ეკლესიის მღვდელმსახური იყო, დედა - დიასახლისი. მეი საჯარო სკოლაში სწავლობდა, ცოტა ხნის განმავლობაში დადიოდა კათოლიკურ სკოლაშიც. ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ჰიუს კოლეჯში ის გეოგრაფიას სწავლობდა, 1977 წელს ბაკალავრის დიპლომი მიიღო.

ამ პერიოდში გაიცნო მომავალი ქმარი, ფილიპ მეი, წყვილი 1980 წელს დაქორწინდა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მომდევნო 20 წლის მანძილზე მეი ფინანსურ სექტორში მუშაობდა, 1980-იანი წლებიდან კი საგანმანათლებლო და პოლიტიკურ სექტორებში გადაინაცვლა. 1997 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად კონსერვატიული პარტიიდან და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი მზარდი პოლიტიკური კარიერა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ძალიან უყვარს კერძების მომზადება და მას 100-ზე მეტი კულინარიული წიგნი აქვს. მისი ქმარი, ფილიპი ამტკიცებს, რომ ტერეზა საუკეთესო კულინარია.

ამას გარდა, მეის და მის ქმარს ძალიან უყვართ შვეიცარიის ალპებში ლაშქრობა და კრიკეტის თამაში.

გასულ წელს ტერეზამ გულახდილას ისაუბრა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის და მისი ქმრისთვის ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, რომ შვილების გაჩენა ვერ შეძლეს. მეის თქმით, ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში ეკლესია და რწმენა ძალიან დაეხმარა.

"რა თქმა უნდა, არ ვართ ერთადერთი წყვილი, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჩვენ გვყავს ძმისშვილები, დისშვილები," - აღნიშნა მეიმ.

2013 წელს მან განაცხადა, რომ შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპი დაუდგინეს და დღეში ორჯერ ინსულინის გაკეთება უწევს, მკურნალობის კურსი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. მეი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მის კარიერაზე არ აისახება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა "ჩავარდა" - კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს