თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე დააკავეს

თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული ს.შ, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ე.წ. კანონიერი ქურდი სულიკო შარიქაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“ აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას შეახსენებს, რომ უწყებამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი კი მკაცრდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს