200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

200-მდე გაქურდული ბინა და 20 წლიანი პატიმრობის მოლოდინი - ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან სპეციალური ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

„საბერძნეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს და საბერძნეთის პოლიციის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი. ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე: 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული მ.ფ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურ თანამშრომლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება