"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

"ირაკლი ქორიძეს ნარკოდანაშაულისთვის 30 წელი ჰქონდა მისჯილი, შემდეგ კი პრეზიდენტმა შეიწყალა" - სკანდალური საქმის ახალი დეტალები

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის რამდენიმე დღის წინ დაკავებული ირაკლი ქორიძე 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, - ამის შესახებ მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ირაკლი ქორიძის პირველი მეუღლე ნატალია ჩიჩუა პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ბიძაშვილია.

ამასთან, მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეწყალებამდე, ქორიძეს 2013 წელს ამნისტიის აქტი შეეხო და მისი სასჯელი 30 წლიდან 13 წლითა და 6 თვით განისაზღვრა.

„მე მინდა ვისაუბრო ირაკლი ქორიძეზე, რომელზეც ფაქტები არსებობს. მე არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ დანაშაულზე, ამაზე ვერც ვისაუბრებ, მით უმეტეს, როცა არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ეს არის პიროვნება, რომელიც იყო გასამართლებული 2011 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, 300 აბი სუბუტექსის უკანონო შენახვა-შემოტანისთვის. მას 30 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა და 2013 წელს შეეხო ამნისტიის აქტი, სასჯელის ¼ მოაკლდა და მისი თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 13 წლით და 6 თვით.

შემდეგ, 2014 წელს ხდება ლოგიკური განვითარებიდან ამოვარდნილი მოვლენა და პრეზიდენტი შეწყალების აქტით ახდენს ამ პიროვნების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მაშინ იყო საუბრები იმაზეც, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელთანაც ნეპოტიზმის ნიშნები შეიძლებოდა ჰქონოდა, მისი ოჯახის წევრი. ახლა საზოგადოებას გარკვეული კითხვები გაუჩნდა. მე არ მინდა ჭორაობა და რაღაც ფაქტებზე საუბარი, თუმცა, სოციალურ ქსელეში მუსირებს ის აზრი, თითქოს ირაკლი ქორიძის პირველი მეუღლე ნატალია ჩიჩუა გახლავთ პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ნათესავი, ბიძაშვილი. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გარემოება. მინდა საზოგადოებამ იცოდეს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, სანამ მისი დაკავება მოხდებოდა, რა სამწუხარო გზა გაიარა 2011 წლიდან დღემდე. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა მოტივით შეიწყალა ის პრეზიდენტმა, ეს საზოგადოებას აინტერესებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ შეწყალებების რაოდენობას, რომელიც ამოვარდნილია ევროპული ქვეყნების სტატისტიკიდან, ასევე პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰქონდა ასეთი გარკვეული მინიშნებები საზოგადოებისგან, როდესაც ის თავის დისკრეციულ უფლებას იყენებდა, ლოგიკური ჯაჭვი ებმება და კითხვა ისმის, ხომ არ არის ნეპოტიზმი, რომელიც ამ საკითხთან პრეზიდენტს აკავშირებდა? თუ ეს დადასტურდა, საზოგადოებას უნდა გაეცეს აუცილებლად პასუხი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილის ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხზე მოსამართლე ნატო ხუჯაძე იმსჯელებს.

ირაკლი ქორიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განუცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს