"შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ" - ირაკლი ქორიძის სასამართლოს დეტალები

"შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ" - ირაკლი ქორიძის სასამართლოს დეტალები

მე შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, მაგრამ სამართლიანობას მაინც აღვადგენ, - ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვისთვის ბრალდებულმა ირაკლი ქორიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. "ამ ხნის განმავლობაში თუ რამე დანაშაული ჩამიდენია, 2013 ან 2014 წელს იყო. მაშინ ჩავიდინე, როცა გავიგე, რომ ჩემი საქმის ყოფილი გამომძიებელი ლევან გენგაშვილი, რომელიც ამაყობდა, რომ მე გავაკეთე ეს საქმეო, დაინიშნა ისან-სამგორის სამმართველოს უფროსად. მივაკითხე, ქვემოდან რომ დავუძახე ვინც ვიყავი, არ მიმიღო. ვუთხარი 10 წუთი გაქვს, ან მიმიღებ, ან მანდ აღარ იჯდები-თქო. წრეებს არტყამდნენ ისან-სამგორის პოლიციას. დაიცალა შენობა. ერთი საათი დედა ვაგინე კაბინეტში, ვეუბნებოდი: შენ შვილები გყავს-თქო? ან დაიფიცე, თუ მე ეს დანაშაული ჩადენილი მქონდა, უკანასკნელი კაცი ვიყო, გავალ, ბოდიშს მოგიხდი-თქო. თუ არადა... იქ მე მას სიტყვები ვუთხარი, ეს დარბაზი არ არის ამის ღირსი, გავიმეორო. ეს ამბავი მიმდინარეობდა დაახლოებით, 55 წუთი. ეს იცის მთელმა თბილისმა და მთელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამის მერე მოხდა კიდევ ერთი კაცის "მგლის ბილეთით" გაშვება იმ ჯგუფიდან. ნელა-ნელა მტკიცებულებების სახით კიდევ მივცემ ჯაბა ხულორდავას კავშირებს დღევანდელ თანამდებობის პირებთან, ძველებს რომ არ მოვყვე.მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დროზე გაიწმინდოს კადრები ძველი ურჩხულებისგან. თუ ეს დანაშაული მე ჩადენილი მაქვს, მაშინ მომისაჯეთ რამდენი წელიც გინდათ. მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მითხრან უვადო მუხლს მოგისჯიანო, არც საპროცესოზე წავალ, შეიძლება შევეწირო ამ საქმეს, სამართლიანობას მაინც დავაყენებ, აღარც ჩადება იქნება, აღარც დაბრალება და არაფერი იქნება. მე მაშინაც ბევრი ალტერნატივა მქონდა. ამნისტიის პირველი სიიდან რომ ჩემი გვარი გაქრა, იმის მერე სამჯერ მომიტანეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საბუთი და სამჯერვე უარი ვთქვი, რაც დავადოკუმენტე. ამნისტიის მეორე აქტის მერე სია რომ აღარ შედგა, ეს საბუთები გამოიყენა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეწყალებისთვის. ასეთი დასკვნა არც ერთი პოლიტპატიმრის საქმეში არ დევს", - განაცხადა ქორიძემ.

ქორიძის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის განცხადებით, 2010 წელს, ირაკლი ქორიძის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებები დაიწყო.

როგორც კორკოტაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ირაკლი ქორიძე ფლობდა იშვიათი მოდელის „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რის გამოც მას სთხოვეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის ეთხოვებინა ავტომობილი, რაც დააკმაყოფილა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილით მიხეილ სააკაშვილმა გახსნა გომბორის გზა. მოგვიანებით, მას მოსთხოვეს აღნიშნული ავტომობილი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოსთვის, რაზეც ქორიძემ უარი განაცხადა.

ამის შემდგ, ადვოკატის ინფორმაციით, ქოროძეზე ზეწოლა დაიწყო. შევიდნენ მის საკუთრებაში არსებულ ტოტალიზატორ "აზია ბეტში" და ითხოვდნენ მისგან 2 მილიონ 500 ათას ლარს. მოგვიანებით კი, ქორიძე 300 აბი სუბუტექსის საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს, რომელიც ადვოკატის განცხადებით, მას პოლიციამ ჩაუდო.

"წარმოუდგენელია ბატონო მოსამართლე, რომ მიუნხენიდან ქორიძეს პალტოს გულის ჯიბით 300 აბი სუბუტექსი შემოეტანა მაშინ, როდესაც მას ჰქონდა გავლილი საბაჟო კონტროლი", - განაცხდა ადვოკატმა.

გარდა ამისა, კორკოტაშვილის თქმით, ირაკლი ქორიძის დაკავების შემდეგ, მამამისზე, თემურ ქორიძეზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ სპეციალური ოპერატიული სამსახურისთვის გადაეცა ავტომობილი და გადაეხადათ 500 ათასი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯიდნენ, რაც ადვოკატის განცხადებით, განახორციელეს კიდეც.

გარდა ამისა, კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ ქორიძე წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ორგანიზებას უწევდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებში კონკრეტული პირების მონაწილეობის საკითხს.

დაცვის მხარემ სასამართლოს 2014 წელს, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დადებული დასკვნა წარუდგინეს, რასაც მისი შეწყალება დაედო საფუძვლად.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს