ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ბათუმში დაჭრილ 12 წლის მოსწავლეს, ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული

ბათუმში მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე სავარაუდოდ, დაჭრეს. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, თავად მოზარდი დაჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ჭრილობა დაცემის შედეგად მიიღო.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმის, ნაირი ფარტენაძის ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და კლინიკას, სავარუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს. ნაირა ფარტენაძის განცხადებით, მოზარდს კვანძოვანი ნაკერები დაედო.

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის შორენა ქონიაძის განცხადებით, მოსწავლეს ინციდენტი გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეემთხვა. როგორც მან აღნიშნა, მეექვსე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში უკვე მოინახულა. მისი თქმით, ბავშვი დაჭრის ფაქტს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მან დაზიანება დაცემის შედეგად მიიღო.

"ახლახან შემატყობინეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. ინციდენტში ვინ მონაწილეობდა, ამის შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი", - აღნიშნა შორენა გონიაძემ. დირექტორის თქმით, ინციდენტი სკოლის მიმდებარედ, ეზოში მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინციდენტის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს