მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 3 - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ განუცხადა.
ისაკაძის თქმით, ის მაღაროსთან იმყოფება, სადაც მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მაშველების ჯგუფი და ელოდებიან გარდაცვლილების შახტიდან ამოყვანას.
„როგორც გვეუბნებიან და გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, 6 გარდაცვლილია, 2 მძიმედ არის დაშავებული, ხოლო ერთი - მსუბუქად. შემთხვევა გვიან ღამით, 04:00 საათზე მოხდა“, - განაცხადა გაგა ისაკაძემ.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამი დაშავებული ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
ამასთან, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა.
იხილეთ ვიდეო: უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში: დაიღუპა 6 ადამიანი, არიან დაშავებულებიც