ავტორი:

"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება

"ჟღალი მიმინო" დაბალი გემოვნების მუსიკალური ნამუშევარია, არც უნდა მცოდნოდა - გიორგი უშიკიშვილის პასუხი კრიტიკოსებს და კონკურსანტების შეფასება

ფოლკლორისტი, მუსიკოსი გიორგი უშიკიშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში დაწყებული ახალი მეგაშოუს "მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრია. ჟიურის სხვა წევრებთან და პროექტის დიდ ჯგუფთან ერთად, დიდი სამუშაოს ჩატარება მოუხდა, რომ ახალი მუსიკალური პროექტისთვის კონკურსანტები შეერჩიათ. მაყურებელმა კასტინგის პირველი ეპიზოდი ნახა და თავისთვის ესა თუ ის კონკურსანტიც მოინიშნა, თუმცა კასტინგის ამ ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ, ჟიურის მისამართით გარკვეული საყვედურებიც გაჩნდა. საქმე ეხება ერთ-ერთ სიმღერას - "ჟღალ მიმინოს", რომელიც კონკურსანტის მიერ იყო წარმოდგენილი. მაყურებელი ჟიურის წევრებს იმაში გამოედავა, თუ რატომ ვერ იცნეს არჩილ სულაკაურის ლექსზე შექმნილი ეს სიმღერა.

AMBEBI.GE ჟიურის ერთ-ერთ წევრს გიორგი უშიკიშვილს ესაუბრა.

- ეს პროექტი რატომაც დაიწყო ის იყო, რომ ქართული სიმღერის შესრულება მომავალ თაობას შედარებით უჭირს, ვიდრე უცხოური სიმღერების, რაც სხვადასხვა პროექტმა, თუ მეგაშოუმ აქამდე აჩვენა. ახალგაზრდები ქართული სიმღერებს არცთუ სახარბიელოდ ასრულებენ. შესაბამისად, გადაწყდა, ქართული სიმღერის კონკურსის ჩატარება. სერიოზული გამოხმაურება რომ ექნებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავით. კასტინგზე ბევრი ადამიანი მოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. წარმოიდგინეთ, იმდენად ბევრი ადამიანი მოვიდა, რომ თბილისში კასტინგს ერთი დღე დაემატა. დამეთანხმებით, რაც ბევრი ადამიანი მოდის, უფრო რთულდება იმ ათეულის შერჩევა, რომელიც პროექტში იბრძოლებს. ასე რომ, საკმაოდ ვიწვალეთ და ვიშრომეთ, რომ 10-ული გამოგვევლინა, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ მეგულება არცერთი კონკურსი, რომელიც არ იქნება სუბიექტური. ასობით ადამიანი დარჩა, რომელიც შესაძლებელია, პროექტში მოხვედრილიყო. მათგან ბევრი კარგი შემსრულებელი ვერ მოხვდა, - მიზეზი ის არის, რომ მათგან ბევრი ერთნაირი შემსრულებელიც იყო - ჟანრობრივად, მანერულობის თვალსაზრისითაც. მანერულობის პრობლემა ნამდვილად გვქონდა. კონკურსანტების 80% სწორედ რომ მანერული იყო. ყველა ვიღაცას ბაძავდა. წარმოდგენები ქართულ სიმღერაზე ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული იყო სუფრასთან, სიმღერებს ასეთი ხმით ასრულებდნენ. კონკურსანტები, რომლებიც ავარჩიეთ, სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ეს პროექტიც იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენი პედაგოგების ხელმძღვანელობით გარკვეულ შედეგებს მივაღწიოთ. რაც შეიძლება მაქსიმუმი გაკეთდეს. მთავარი ისაა, რომ ბევრი კარგი სიმღერის გაცოცხლებას ვაპირებთ. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძეა, რომელიც ამ სიმღერების საინტერესო ვერსიებს შექმნის. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო ლაივ-კონცერტი გველოდება.

- გიორგი, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ჟიურიში ქალბატონებთან - მარინა ბერიძესთან და სოფო ნიჟარაძესთან მუშაობა?

- ეს არის ორი შემდგარი, პოპულარული, ამ საქმეში, რასაც სიმღერის კონკურსი ჰქვია, გამოცდილი ადამიანი. კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის პირველი შემთხვევაა. ძალიან ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ მხარი ავუბა და ფეხი ავუწყო მათ გამოცდილებას. ამიტომ, სასიამოვნოა მათთან ერთად მუშაობა.

- და მშვენიერი ექსპრომტები გაქვთ, - რას იტყვით ამაზე?

- ვეცადეთ. ჩვენი შოუში მონაწილეობა არ ყოფილა ხელოვნური, გვინდოდა, რომ ყველას თავისი რაღაც ნიშა ჰქონოდა. თითოეული ისეთი ყოფილიყო, როგორიც ცხოვრებაშია. პროექტმა გამოაჩინა კიდეც, რომ ერთნაირები არ ვართ.

- ჟიურის მისამართით გარკვეული საყვედურები გაჩნდა. ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა სიმღერა "ჟღალი მიმინო". მაყურებელმა გისაყვედურათ ის, რომ ეს მუსიკალური ნამუშევარი უნდა გცოდნოდათ და სიმღერა ვერ იცანით.

- მე რომ ადამიანი იმას დამწამებს, რომ რამე ქართული სიმღერა არ ვიცი, აბა, რა გითხრათ. რაც მე ქართული ხალხური სიმღერა ჩამიწერია, რაც არქივი მაქვს შექმნილი, 5000-7000 სიმღერა მაინც მაქვს გაკეთებული, მაგრამ ისიც არის, არც ერთი ადამიანი არ ვართ სრულყოფილი და ვერც ვიქნებით. "იუთუბზე" რა სიმღერებიცაა ატვირთული, ყველა ვერ გვეცოდინება და ეს ნორმალურია. თან ეგ "ჟღალი მიმინო" იმენად სხვანაირად იყო შესრულებული, რომ ვერც ერთმა ვიცანით, თან, გადაღლილებიც ვიყავით, ალბათ. ამასაც ვაბრალებ. ზოგს მართლა არ ჰქონდა მოსმენილი, არც მე მქონდა. ბოლოს ინტერნეტით მაგ სიმღერის ორიგინალური ვერსია გამომიგზავნეს და კი მივხვდი, რაც იყო, თუმცა იმ კონკურსანტის ნამღერს ვერ მივხვდი. მერე წავიდა იმის წამოძახება, რომ ტექსტი ვერ ვიცანით, რომ ის არჩილ სულაკაურს ეკუთვნის. პოეზიის კონკურსია, თუ მუსიკალური? ვთქვით, ვერ ვიცანით, ეს არ არის აქ მთავარი, ადამიანების ნაწილს მოსწონს, რომ ასეთი მეგაშოუ გააკრიტიკონ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება დამაბრალო, გარდა იმისა, რომ სიმღერები არ ვიცი. ვიმეორებ, ვიცი და არცთუ ცოტა. რადგან არასწორად ნამღერი "ჟღალი მიმინო" ვერ ვიცანი, ე.ი. ასე მარტივად უნდა გავილანძღო? მაშინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისევ შევახსენებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ვეძებ და ვსწავლობ სიმღერებს. ხშირ შემთხვევაში, ხალხს "ჩაკრულო" და "მრალჟამიერი" არ ახსოვს, სამწუხაროდ, და კიდევ ბევრი უნიკალური სიმღერა, რომელიც უნდა იცოდეს! ვინც "ჟღალ მიმინოს" აპროტესტებს, მათ ისეთ სიმღერებს ვეტყვი, შეიძლება არც ჰქონდეს საერთოდ გაგებული, არადა, ყველა ქართელმა უნდა იცოდეს. მოდი, იმასაც ვიტყვი და არ მომერიდება, რომ "ჟღალი მიმინო" ძალიან დაბალი ხარისხის მუსიკალური ნიმუშევარია. წესით, არ უნდა მქონოდა მოსმენილი და ასეთ სიმღერებს არც ვუსმენ. შესაბამისად, რატომ უნდა ვიცოდე?! ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საქართველოში არიან მომღელები, რომელთა რეპერტუარი საერთოდ არ ვიცი. არ ვუსმენ, ან რა ვალდებული ვარ?! შეიძლება მომედავონ იმაზე, თუ არ მეცოდინება რევაზ ლაღიძის რამე სიმღერა, ან ვაჟა აზარაშვილის და ასეთი რანგის კომპოზიტორების ნამუშევრები, მაგრამ არ ვარ ვალდებული, დაბალი გემოვნების მუსიკალური ნიმუშევარი ვიცოდე. მოკლედ, უნდა მაპატიონ, რომ "ჟღალი მიმინოსნაირი" სიმღერები არ ვიცი. გონება ამდენს უკვე ვეღარ იტევს, თუმცა იმ კონკრეტულ სიტუაციაში მაინც მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კონკურსანტმა ეს სიმღერა სწორად ვერ მოიტანა.

- ამ პროექტისგან რას ელოდებით?

- ამ კონკურსზე, პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ მომავალ თაობას შევახსენოთ ჩვენი ეროვნული ღირებულების მქონე მუსიკალური ნიმუშები, რაც გვაქვს და რისი პატრონებიც ვართ. თუ არ გვიყვარს ეროვნული მუსიკა, არა მარტო ფოლკლორი, არიან კომპოზიტორები, რომლებსაც ეროვნული მასშტაბის სტატუსი აქვთ. ჩვენი მთავრი ამოცანაა, ამ ადამიანებს ქართული სიმღერა შევაყვაროთ, რაც ვიცი, რომ ამ პროექტს გამოუვა.

ნახეთ ასევე: "ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

"ვუყურებდი და მიკვირდა, 18 წლის გოგო ამას როგორ ახერხებდა..." - ვის გამხნევებაზე ზრუნავს ილო ბეროშვილი ნიკა გრიგოლიასთან ერთად

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები