საქართველოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესია

საქართველოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესია

წლეულს, შარშანდელი წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საწარმოთა ბრუნვა მცირედით გაიზარდა, თუმცა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი არ შეცვლილა. როგორც ყოველთვის, დომინანტურ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესი იმყოფება, მთლიან ბიზნესში მისი პროცენტული მაჩვენებელი 84,5%-ს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 4,836 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წელს ეს მონაცემები 3,668 მილიარდ ლარამდე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წელის დასაწყისში ეკონომიკა, ფაქტობრივად, რეცესიაში იმყოფებოდა, ხოლო მთავრობის განცხადებით წლეულს ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნახტომი გააკეთა, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი საწარმოები - 84.5 პროცენტი, საშუალო საწარმოები - 8.5 პროცენტი, მცირე საწარმოები - 7 პროცენტი. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი საწარმოები - 83.2 პროცენტი, საშუალო საწარმოები - 9.1 პროცენტი, მცირე საწარმოები - 7.7 პროცენტი.

ექსპერტების განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტიციები, ფაქტობრივად, არ ხორციელდება, ხოლო საქართველოსნაირ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 4 მილიონ ადამიანს ითვლის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ასეთი მაჩვენებელი კატასტროფაა.

აღსანიშნავია, რომ საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა პირველ კვარტალში 146.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი საწარმოები - 94.5 პროცენტი, საშუალო საწარმოები - 2.9 პროცენტი, მცირე საწარმოები - 2.6 პროცენტი.

ექსპერტთა განცხადებით, ქვეყანაში არ ყალიბდება ახალი დარგები. ეკონომიკა, ძირითადად, კომუნისტურ ეპოქაში შექმნილი ბიზნესით სულდგმულობს, როგორიც არის მადნეულის წარმოება, ფერო, კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა. ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, კრეატიული ბიზნესის შექმნას თავისუფალი ბიზნეს გარემო სჭირდება, ქვეყანაში შექმნილი მონოპოლია კი ამის საშუალებას არ იძლევა.

ეკონომიკური ექსპერტის, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეკონომიკაში მსხვილი ბიზნესის მაღალი წილი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არაკონკურენტული მდგომარეობაა, ყველა სფერო მონოპოლიზებულია და ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული.

"სხვა ბიზნესი კი საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხერხემალი არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესს საკმაოდ დიდი როლი აკისრია. სწორედ, ეს ბიზნესი ქმნის საშუალო კლასს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელია. გარდა ამისა, იგი მაღალ კონკურენტულ გარემოს უზრუნველყოფს, რაც თავისთავად ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა", - ამბობს ხუხაშვილი.

საყურადღებოა ერთი დეტალი, მართალია, პროცენტული მაჩვენებლით მსხვილი საწარმოების რაოდენობა მცირე და საშუალოს ბევრად აჭარბებს, თუმცა დასაქმების მიხედვით ეს მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებულია.

საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 358,9 ათასი პირი შეადგინა, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი საწარმოები - 58%, საშუალო საწარმოები - 20.7%, მცირე საწარმოები - 21.3%.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში 552.1 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი საწარმოები - 679.7 ლარი, საშუალო საწარმოები - 401.0 ლარი, მცირე საწარმოები - 302.2 ლარი.

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ წელს, ისევე, როგორც შარშან, ტრადიციული მსხვილი ბიზნესები იყო, როგორიცაა კომუნიკაცია, მობილური ოპერატორები, ფეროშენადნობების წარმოება. მისი თქმით, კრიზისი ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესს შეეხო, რომელმაც ტოტალური ვარდნა განიცადა.

"ენერგოწარმოება, კომუნიკაცია, მომპოვებელი ბიზნესი მადნეულისა და ფეროს სახით - ყველაზე დიდი წილი მოდის ამ ბიზნესებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წარმართველ ძალად იქცნენ. ეს ბიზნესები მეტ-ნაკლებად გადაურჩნენ კრიზისს, ანუ ქვეყანაში არსებული, ტრადიციული დარგები ვითარდება. ახალი ბიზნესი ქვეყანაში არ შეიქმნა. ბიზნესს კრეატიულობა არ ეტყობა", - ამბობს ჯგერენაია.

მისი თქმით, ვერც ერთი მთავრობა და მსხვილი ბიზნესი ეკონომიკის განვითარების ისეთ წარმატებულ მოდელს ვერ შექმნის, როგორსაც გააკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესი.

"ჩვენ გვჭირდება არა მარტო ფეროს მუშაობა, არამედ თავისუფალი ბიზნესგარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მცირე და საშუალო ბიზნესის მანვითარებისთვის", - ამბობს ჯგერენაია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მრეწველობამ განსაკუთრებული ვარდნა 2008 წლიდან დაიწყო. სპეცილისტების განცხადებით, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი ისედაც მინიმალური იყო და კიდევ უფრო კლება ქვეყანაში ამ დარგის დეგრადაციის მაჩვენებელია. შემცირება გარკვეულწილად განპირობებულია საშუალო და მცირე საწარმოთა ზომის ცვლილებით. სტატისტიკოსების განცხადებით, საშუალო საწარმოების გამსხვილება მოხდა, ზოგი კი, პირიქით, დაპატარავდა.

ეკონომიკის ექსპერტი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, ქვეყანაში მსხვილი ბიზნესის დომინანტობა ქართულ ეკონომიკაში შექმნილ მონოპოლიებზე მიუთითებს.

"სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე კარგ მდგომარეობაში მსხვილი ბიზნესია. ეს, ერთი მხრივ, მონოპოლიზაციაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, მსხვილ ბიზნესს რთულ სიტუაციაში ადაპტირება უფრო უკეთ შეუძლია. უარყოფითი არის ის, რომ საშუალო კლასი არ ვითარდება, რომელმაც სამუშაო ადგილები და საშუალო ფენა უნდა შექმნას. როდესაც მსხვილი ბიზნესი დომინირებს, თავისთავად იგი მცირე და საშუალო ბიზნესს შთანთქავს. მთელ სფეროს რამდენიმე წამყვანი ფირმა - ოლიგოპოლიური სტრუქტურა იღებს ხელში. ასეთ პირობებში მცირე ბიზნესი ვერ განვითარდება. ეს არის ქვეყნის სერიოზული პრობლემა, რომელსაც მიხედვა სჭირდება", - ამბობს სილაგაძე.

იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მარეგულირებელი კონტროლის გაძლიერებასა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაშია, რომელმაც თავისუფალი ბაზრის განვითარება უნდა უზრუნველყოს. ამის არარსებობა კი მცირე და საშუალო ბიზნესს ანადგურებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ