მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე.

"საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა. ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში მან თავად დაწერა განცხადება, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ ბაქრაძის შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

"ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში, ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით, შეიწყალეთ ვეფხო, ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი" - აღნიშნა ნათია გობაძემ.

VIDEO: რას ყვება ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა

ამასთან, როგორც ირკვევა, გობაძემ და ბაქრაძემ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს მოაწერეს ხელი. როგორც მოკლული გოგონას დედა ამბობს, ბაქრაძემ ეს იძულებით გააკეთებინა, რადგან უნდოდა ამით თავი დაეზღვია:

"ეგ დარწმუნებული იყო, რომ რაღაც პერიოდში მე მაგაზე შევიტანდი სარჩელს პოლიციაში და დაიზღვია თავი იძულებითი ქორწინებით. ჩემი შვილებისგანაც რომ ყოფილიყო რაიმე წინააღმდეგობა, ეთქვა, რომ რას ქვია ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ... იძულებით წამიყვანა იუსტიციის სახლში. მივყავდი სამსახურში და სხვა გზით რომ წავიდა ვკითხე, სად მივდივართ-მეთქი? მითხრა, არ მაინტერესებს, მივდივართ იუსტიციაში ხელს მოაწერო. ვუთხარი არ მინდა შენთან ხელის მოწერა-მეთქი. აბა რა გინდა, ყელი გამოგჭრაო? უფრო იმიტომ დავთანხმდი, რომ საზღვარგარეთ აპირებდა სამუშაოდ წასვლას, მეუბნებოდა ერთად წავიდეთო და ცოლ-ქმრის მოწმობა გვჭირდებაო.

არ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან უფრო აგრესიული ხდებოდა... მე მაისის ბოლოს მაინც ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას და იქამდე ვაგროვებდი მტკიცებულებებს, რომ ეგ პოლიციისთვის ჩამებარებინა და ჩემი შვილები მშვიდად დამეტოვებინა..." - ამბობს მოკლულის დედა და მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ნათია გობაძე.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შს სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს თელეთში დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს