ქურდული გარჩევა და 60 000 ლარის გამოძალვის მცდელობა - თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს

ქურდული გარჩევა და 60 000 ლარის გამოძალვის მცდელობა - თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს

ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

"ევროპოლთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრია დაკავებული, რომლებსაც აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი - 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.

ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება განაგრძობს ევროპოლთან აქტიურ თანამშრომლობას და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ინტენსიურ ღონისძიებებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს