ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

ერეკლე კოდუა "იმედის" დარბევის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე დოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

„საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ე.კ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირად ღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები. „იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული, ისე რომ ჟურნალისტებს და პერსონალს არ აძლევდნენ შენობაში შესვლის საშუალებას. ტელეკომპანიის ძალისმიერი მეთოდებით დარბევის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის „იმედის“ ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას და მის მიმართ მიმდინარეობს ძებნა, დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული პირი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზედაც მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზედაც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, “ტელეიმედის” დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკვე მიეცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, იუსტიციის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული ქმედებების ორგანიზებაში. მათი ბრალდების საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის „ტელეიმედის“ დარბევასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულ სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურამ ერეკლე კოდუა "იმედში" შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს