გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა

გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს სააპელაციომ 3 წელი შეუფარდა

სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფება. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.

„ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. საინტერესოა, რით დაასაბუთებს სასამართლო ლიპარტელიანის ბრალეულობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ლიპარტელიანის ადვოკატმა თენგიზ ხარებავამ.

12 წლის სალომე ტატიშვილის დედის ნინო ჟვანიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო.

„გარდა იმისა, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის გარდამტეხი, ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების და განსაკუთრების ბავშვების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით, მათი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და გაფრთხილების თვალსაზრისით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ნასვამი ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელი სათხილამურო ტრასებზე, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

რაც შეეხება ბრალდებულის საქართველოში არ ყოფნას, გარდაცვლილი გოგონას დედას იმედი აქვს, რომ გიორგი ლიპარტელიანი საქართველოში თავად დაბრუნდება და სასჯელს მოიხდის.

„ბრალდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მისი ოჯახის წევრები დათვურ სამსახურს არ გაუწევენ ამ ადამიანს და კიდევ უფრო არ დაუმძიმებენ ბრალს. დიდი იმედი მაქვს ჩამოვა და მოიხდის სასჯელს“, - განაცხადა ჟვანიამ.

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში - 20 წლის ბიჭს, რომელიც 12 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი გახდა, 3 წლით პატიმრობა შეეფარდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა