ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - "ჩემთვის სასიკვდილოა თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული..."

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა ექსპერტები, რომლებმაც დასკვნის მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. საქმის პროკურორის თქმით, პროცესზე მხარეები, ექსპერტების მონაწილეობით ასევე გამოიკვლევენ ნივთმტკიცებებს, მათ შორის ორ დანას, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებით, მოკლულ მოზარდებს ჭრილობები აქვთ მიყენებული.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არის გარკვეული წინააღმდეგობები და აღნიშნულ საკითხზე აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენ აქამდე და არც ამ დროისთვის არ გვაქვს გადმოცემული ნივთმტკიცებები, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ჩვენ ექსპერტებს დაეწყოთ მუშაობა. დაცვის მხარეს, მეორე ბრალდებულის ადვოკატს ნივთმტკიცებები გადაეცემა ორშაბათს და ამის შემდეგ დაიწყება ექსპერტიზის ჩატარება. შეუძლებელია გაარკვიო რომელი დანით, რომელი ჭრილობა იყო მიყენებული, შეუძლებელია გაარკვიო საქმეში არსებული დანებით არის თუ არა ჭრილობები მიყენებული, თუ ის დანები, რომლებიც საქმეში არსებობს არ გადაეცა ექსპერტს. საქმის განხილვის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი, ბრალდების მხარეს კი 4-5 თვე დასჭირდა თავისი ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად. ამ მოკლე დროში ძალიან რთულია წარმოვადგინოთ ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვადაში, პირველივე ინსტანციაში წარმოვადგინოთ დასკვნა, დავკითხოთ უცხოელი ექსპერტები, რომლებიც აუცილებალდ დამაჯერებლად უპასუხებენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მხარეებს ექნებათ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძე საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზის დეტალურად გაცნობის შემდეგაც პოზიციას არ იცვლის. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, რომელი დანით რა ჭრილობა აქვს მიყენებული მის შვილს.

"დეტალურად გავეცანით ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ სამწუხაროდ, რა პოზიციაც გვქონდა, იგივე პოზიციას ვინარჩუნებ, რადგან გაურკვეველია რომელი იარაღით, რომელი ჭრილობაა მიყენებული. სასიკვდილო ჭრილობაზე არაა დაკონკრეტებული, რომელი იარაღია გამოყენებული. ჩემთვის სასიკვდილო ჭრილობაა ის თორმეტივე ჭრილობა, რომელიც ჩემს შვილს აქვს მიყენებული. მაგრამ არის კიდევ სამართლებრივი ფორმა, რომელიც ადგენს, რომელი ჭრილობით გარდაიცვალა ჩემი შვილი. ამასთანაც მაქვს კითხვა, რაც ჩემთვის ასევე მთავარია: დავუშვათ არ არსებობს ამჟამად დადგენილი სასიკვდილო ჭრილობა, სხვა ჭრილობა იქნებოდა თუ არა მომაკვდინებელი?!" - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს