ავტორი:

რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები

რა "ვარსკვლავური მოთხოვნები" აქვს ენიო მორიკონეს - ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის დეტალები

19 მაისს საქართველოს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა. კომპოზიტორი საქართველოში “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩამოვა და მისი კონცერტი “ბლექ სი არენაზე” გაიმართება. კონცერტს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილეს ეძღვნება, ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით.

ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტის საინტერესო დეტალებზე და მუსიკალური ზაფხულის გეგმებზე ანი კავლელიშვილი გვესაუბრება, რომელიც უკვე ორი წელია "ბლექ სი არენას" გრანდიოზულ მუსიკალურ სივრცეს ხელმძღვანელობს.

- 2017 წელს თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, პირველი საკონცერტო სეზონი იყო "ბლექსი არენაზე". კმაყოფილი ხართ გასულ სეზონზე თქვენი საქმიანობით?

- პირველი სეზონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესოა, მეორე მხრივ - ქვეყნისთვის საჭირო როგორც დღეს, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ვფიქრობ, ტურიზმის განვითარების და კულტურული ცხოვრების ამაღლების მიზნით, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

შარშან `ბლექ სი არენაზე~ ქართული და უცხოური პროექტების ძალიან საინტერესო კომბინაციები იყო. მნიშვნელოვანია, რომ დარბაზის სცენა ქართველ შემსრულებლებს ეთმობათ, რითაც ვცდილობთ, ქართული ესტრადის განვითარებას ხელი შევუწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ `ჩექ ინ ჯორჯიას~ პირდაპირი მიზანი კულტურისა და ესტრადის ხელშეწყობა არ არის. ამიტომ, შარშან, ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ბევრი საინტერესო პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ვფიქრობ, ტურისტებისთვისაც სხვა ქვეყნის კულტურისთვის თვალის შევლება საინტერესოა.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი ვარსკვლავები ძალიან ცდილობენ, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან, რომ შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც `ბლექ სი არენას~ სცენაზე გასვლას დაიმსახურებს. საერთოდ, ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ვცდილობთ, ზაფხულის სეზონი დიდი ვარსკვლავების კონცერტით გაიხსნას. შარშან ბევრ ცნობილ ვარსკვლავს ვუმასპინძლეთ, რომ არაფერი ვთქვათ, ქართულ პროექტებზე, რომელიც ქართველი შემსრულებლების მიერ იყო ორგანიზებული. წელსაც საინტერესო გეგმები გვაქვს.

- 19 მაისის კონცერტზე რისი თქმა შეგიძლიათ. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე საქართველოში პირველად ჩამოდის...

- `ბლექსი არენას~ გახსნა წელს ლეგენდადქცეულ ადამიანს - ენიო მორიკონეს, მაესტროს სტუმრობას დავუკავშირეთ. ადამიანის, რომელმაც კინოსთვის 500-ზე მეტი კომპოზიცია შექმნა. ეს არის ორგზის "ოსკაროსანი" კომპოზიტორი. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს პირველად ესტუმრება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და თავად უდირიჟორებს ამ ღონისძიებას. რომის სიმფონიური ორკესტრი არის ის შემადგენლობა, რომელთა მოსმენაც ცალკეც დიდი სიამოვნებაა, არათუ მის მაესტროსთან ერთად. ამ ღონისძიებაზე იქნება ჩვენი ოპერის გუნდიც, რომლითაც მორიკონეს ქორმეისტერი მოხიბლულია. ის საქართველოში იყო ჩამოსული და გუნდთან რამდენიმე რეპეტიცია გაიარა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში ქართველების ჩართულობა და ვფიქრობთ, კარგი პლატფორმაა ოპერის გუნდისთვის.

ენიო მორიკონე შეასრულებს ყველაზე ცნობილ კინომუსიკას, რომლითაც საყვარელი და ცნობილი გახდა არა მარტო ქართველებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. შესრულდება ჩვენთვის უცნობი სიმფონიური ნაწარმოებებიც. ვფიქრობთ, რომ ეს კლასიკური ღონისძიება ნამდვილად იმსახურებდა იმას, რომ ყოფილიყო სეზონის მთავარი კონცერტი და საზეიმო გახსნა სწორედ ენიო მორიკონეთი შემდგარიყო.

მოლაპარაკებები მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ადრეულ შემოდგომიდან დავიწყეთ. ამ რანგის ვარსკვლავებთან ეს ძალიან ხანგრძლივი, რთული პროცესია. არავის ეგონოს, რომ პირველივე შემოთავაზებაზე ან ჩვენი მხარე, ან ვარსკვლავის მხარე ყველა პირობას თანხმდება. შემოდგომით დაწყებული მოლაპარაკება გაზაფხულზე დასრულდა და ამის შემდეგ დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება, რადგანაც უკვე გვქონდა უფლება... ენიო მორიკონეს ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია და მიხარია, რომ ადამიანები ამ კონცერტის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენენ. გაყიდვების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, არ გაჩერებულა. იმედი მაქვს, რომ კონცერტი ანშლაგით ჩაივლის. მჯერა, ქართველი მსმენელისთვის, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ეს კონცერტი ის ღონისძიებაა, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ, უნდა დაესწრო და ნახო.

- რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა, ულტიმატუმი ხომ არ ჰქონია ვარსკვლავს?

- ვარკვლავებს საერთოდ უცნაური მოთხოვნები ახასიათებთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არავითარ სირთულეს მისი მოთხოვნები არ უკავშირდება. ძალიან ცოტა ვარსკვლავური პრეტენზიით გამოირჩევა. როგორც ყველა ადამიანს, აქვს საყვარელი არომატები, ფერები და აღმოჩნდა, რომ იასამნისფერის მიმართ გამოთქვა მოთხოვნა, მომარიდეთო. მისთვის უსიამოვნო ფერია და ის აქ ყოფნის პერიოდში უნდა მოარიდონ. სხვა მეტი არაფერი, გარდა იმისა, რაც ყველას აქვს ხოლმე და ეს კონცერტის ტექნიკურ შესრულებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უმაღლესი ხარისხის შესაქმნელად სჭირდება.

- სხვა რა კონცერტს გეგმავთ, ექსკლუზიურად რომ გაგვიმხილოთ.

- წელსაც ბევრი იქნება ქართველი ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული კონცერტები. ვეცადეთ, მათ გვერდით უცხოელი ვარსკვლავები დაგვეყენებინა და ამ საინტერესო კოჰაბიტაციას წელს "ბლექ სი არენაზე" იხილავს მაყურებელი. პროექტები გამდიდრებული იქნება უცხოელი ძალიან ცნობილი მუსიკოსების თანამონაწილეობით. გარდა ამისა, ვუმასპინძლებთ ელტონ ჯონს, ჯაზფესტივალის გახსნას, "ლედ ზეპელინის" სოლისტს, რობერტ პლანტს. მალე ჩვენს საინტერესო გეგმებს საზოგადოებას გავაცნობთ. მგონი, საინტერესო ზაფხული გამოგვივა!

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს