ავტორი:

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

თავიდან რომ ვნახე, მეგონა, მისი მორიგი ფილმისთვის პავილიონს თავად აშენებდა, ის ყველაფერი გადასაღებ მოდნად აღვიქვი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა შვილებთან, - ელისაბედთან, ალექსანდრესთან და თებრონიასთან ერთად თავის სოფელ ძეგვში უჩვეულო იერის მქონე ქოხი ააშენა. ქოხი ერთი შეხედვითაა, თორემ მას მე „პავილიონი“ დავარქვი, რისთვისაც მასალად ძველი კარ-ფანჯრები და კიდევ სხვაგვარი ხის მასალა გამოიყენა. ყველაფრი კი პანდემიის პერიოდში მოხდა, - ბატონმა გიორგიმ რთულ პერიოდს, როცა ადამიანებში დაძაბულობა, შიში გაჩნდა, შეხედა, როგორც საშუალებას... რეალურად კი, მსოფლიო პანდემიამ ადამიანებს ცხოვრების სტილი და მიმართულება მართლაც რომ შეცუვალა... გიორგი ოვაშვილი თავის ახალ საქმეებზე AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა:

„მიუხედავად კაცობრიობის უზარმაზარი მემკვიდრეობისა და ისტორიისა, რომ კვლავაც ახალ-ახალი სიმაღლეებისკენ ისწრაფის და სხვა პლანეტების ათვისებაზე ფიქრობს, მოულოდნელად დაუცველი აღმოჩნდა. თურმე ბირთვული იარაღის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ პატარა, უხილავი მტრის, რომელიც წამში თავდაყირა აყენებს ცივილიზაციასა და კაცობრიობას. მოკლედ, ჩვენს ცხოვრებაში ფანტასმაგორიული პერიოდი დადგა, რომელსაც ვერავინ წარმოვიდგენდით... კარგა ხანს მეგონა, რეალობაში აღარ ვიყავი და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, თუმცა ამ ემოციამ ჩემში გარკვეული ინსპირაციაც გააჩინა. ამასთან, სხვადასხვა ფიქრი აღმეძრა, რაღაცების წერა დავიწყე... მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიამ უდიდესი ტრაგედია დაატრიალა, ვფიქრობ, რომ კარგი ინსპირაციის წყაროც იყო... ჩემი ბოლო ფილმის „მშვენიერი ელენეს“ გადაღებები მოვასწარით, მაგრამ ფილმზე რაიმე ტიპის სამუშაოს გაგრძელებაზე მერე უკვე ფიქრი რთული იყო და გავჩერდით,“- გვიყვება რეჟისორი და იმასაც გვიყვება, თვითიზოლაციაში შვილებთან ერთად, დროს რას უთმობდა: „სახლში გამოკეტვამ და სრულიად სხვა ცხოვრების დაწყებამ, ხომ ვამბობ, ბევრი მიმართულებით დამაფიქრა. მოვამზადე ერთი სცენარის მონახაზი, დავიწყე საუბარი ჩემს უცხოელ პარტნიორებთან ამ სიტუაციებთან დაკავშირებული გარკვეული ისტორიის მქონე ფილმის შემდგომში გადაღებაზე და ამ კუთხითაც ნაყოფიერად ვიმუშავე,“ - აღნიშნავს გიორგი ოვაშვილი.

- სახლში ჩაკეტილმა ყოფამ ბევრს მართლაც საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება მისცა...

- კი, როგორც სხვებს, მეც მომეცა ამის საშუალება. საერთოდ, ადამიანები ხომ ზედაპირულად ვცხოვრობთ, ყოველდღიურობას ასევე მივყვებით და უცებ გაირკვა, რომ ცოტა სხვაგვრად უნდა ვიმოქმედოთ, რადგანაც სხვა სინამდვილეში ვართ, ისეთში, როგორიც ალბათ არავის სიზმარშიც არ გვინახავს... მერე დადგა მომენტი - კიდევ რა უნდა გავაკეთო? და მე და ჩემმა შვილებმა, რომლებიც თბილისის ბინაში ვიყავით გამოკეტილი, კედლებზე ხატვა დავიწყეთ. ორი-სამი კედელი მოვხატეთ. ცხოვრებაში არასდროს დამიხატავს და მივხვდი, რომ ეს პროცესი მავსებდა და მამშვიდებდა. სანამ მანქანით სიარულის საშუალება იყო, ძეგვში ამოვდიოდით, რომ რაღაცნაირად სიტუაციას გავრიდებოდით. მერე მანქანით გადაადგილება აკრძალეს და 2 კვირა სოფელში ჩავრჩით. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რაღაც მართლა უნდა მოგვეფიქრებინა.

- და ქოხის აშენება გადაწყვიტეთ?

- ასე გამოვიდა. ათასნაირი ხის მასალა ეზოში წლების განმავლობაში გროვდებოდა, ვიღაც რაღაცას გამოცვლიდა, - ფანჯარა, კარი, თუ სხვა რამ, ან ჩვენ გამოცვლიდით ან ჩემი ძმა თავის სახლში, ყველაფერს თავს აქ ვუყრიდით. აქვე იყო ჩემი ფილმებიდან დარჩენილი დეკორაციების ნივთები - ნავი, საცურაო პონტონები, ხის მასალა. ის ყველაფერი წლობით ეწყო. სულ ვფიქრობდი, რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა და მერე აბსოლუტურად ექსპრომტი იყო, არანაირი წინასწარი პროექტი და ბავშვებთან ერთად, ამ ქოხის აშენება დავიწყეთ. არადა, ცხოვრებაში არაფერი ამიშენებია. თავიდან ნელ-ნელა დავიწყეთ - ჯერ მორები მოვიტანეთ, ფიცრები, ლურსმანი და ჩაქუჩი ვიშოვეთ და დავიწყეთ. მოკლედ, რაღაც ეტაპამდე მივედით, საბოლოოდ რას მივიღებთ, ჯერ კიდევ არ ვიცი, რადგანაც პროცესი გრძელდება. თუმცა კედლები დავასრულეთ და გადავხურეთ. მომეხმარა ასევე ჩემი მეგობარი, როცა უკვე მანქანებით მოძრაობა შეიძლებოდა, ჩამოდიოდა და თავისი ენთუზიაზმით გვერდით მედგა. გადახურვაზე მეზობელი მოვიყვანეთ, რადგან მაგ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს და შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

- სივრცე რას უნდა დაუთმოთ?

- ბავშვებს შიგნით სივრცე მოეწონათ და ახლა ორსართულიან საწოლს ვაკეთებთ. გვინდა, ვიტრინებშიც რაღაც მოვაწყოთ. პატარა მისაღები ადგილი, მაგიდა სკამებით. შიდა დიზაინი ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა ძალიან გვინდა, რომ გავალამაზოთ. ალბათ გამოვაცხდებთ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს, მოვიდნენ და თავიანთი იდეების განხორციელებისთვის გამოიყენონ, ჩვენ მზად ვართ, ადგილს სიამოვნებით დავუთმობთ... მერე ბაღიდან ნავიც ამოვიტანეთ და ისიც იქვე დავდგით. კარგი იქნება, თუ ეს ადგილი სტუმრებისთვისც იქნება, ან კულტურული ღონისძიებებისთვის.

- კიდევ რა მასალა გამოიყენეთ?

- რეალურად წინა ფასადი არის ძველი კარები და ფანჯრები, მეორე მხარე ასევე ვიტრაჟი გავაკეთეთ, ყრუ კედელზე გამოვიყენე „პადონები“ და ერთფანჯრიან უკანა კედელზეც. მერე იმ „პადონების“ ფიცრებით შეფუთვა დავიწყეთ...

- ფუნდამენტად მორებია გამოყენებული?

- კი, მოვიტანეთ გადაჭრილი მორები, რომელიც დავაწყეთ ქვის ფილებზე და მასზე დავალაგეთ ფიცრები. შენობა მიწიდან 50/60 სმ-ზეა აწეული. შიდა ფართობი 18 კვ.მ-ია და გარეთ ტერასა - 10 კვმ-მდეა.

- მოკლედ, ისეთი პავილიონი ააწყეთ, რომ მგონი, აქ კინოსაც კი გადაიღებთ...

- გადაღება შეიძლება, მაგალითად, რაიმე სცენის გათამაშება. ვფიქრობ, ეს ადგილი კარგი იქნება ფოტოგრაფებისთვის, რომ ანტურაჟი გამოიყენონ. ასე რომ, მინდა, ეს ადგილი ასეთი ადამიანებისთვის ღია იყოს. მობრძანდნენ.

- მსგავსი ნაგებობის შექმნა ყველას შეუძლია?

- რასაკვირველია, ყველაზე მთავარი მაინც სურვილია, შემდეგ კი ყველაფერი შესაძლებელია. დურგლობა და ხეზე მუშაობა სულ მაინტერესებდა, მინდოდა, რაღაც ჩემი ხელით ამეშენებინა, მაგრამ აქამდე არასდროს მიცდია და მიმუშავია. მგონია, რომ ესეც იგივე შექმნის პროცესია, შემოქმედებითი კუთხით.

- ვფიქრობ, რომ ესეც კინოა... თავიდან თქვენი მორიგი ფილმისთვის შექმნილი პავილიონი მეგონა...

- კარგი სიტყვა თქვით - შეიძლება პავილიონი დავარქვათ! შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია!

როგორ გამოიყურებიან ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ახლა

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან