დავით სარალიძის მამის მტკიცებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა

დავით სარალიძის მამის მტკიცებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მტკიცებით, სასამართლოზე დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა. როგორც ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განაცხადა, მოწმემ, რომელიც ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი მათთან სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც შემთხვევა რამდენიმე საათის მომხდარი იყო და მისი ძმა, ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად სახლში იმყოფებოდა. სარალიძის თქმით, ეს ინფორმაცია სასამართლოს მხოლოდ ლუკა კალანდიამ მიაწოდა, ხოლო მამამისს და მის ძმას ამის თაობაზე არ უსაუბრიათ.

"ლუკა კალანდია, ვფიქრობ, ძალიან კარგად იყო მომზადებული ამ პროცესისთვის. დაზეპირებული ჰქონდა ის ჩვენება რომელიც მას უნდა მიეცა. ის მოამზადა ან პროკურატურამ, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი რაც გამოკვეთა მან, რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნაა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს, მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ მირზა სუბელიანმა იცოდა სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში. ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. ისაუბრა იმაზე, რაც მისმა ძმამ და ბრალდებულმა მოუყვნენ. ის ცდილობდა თავისი ოჯახის და ძმის დაცვას, რომ არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, მოწმემ მამამისზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება უარყო და აღნიშნა, რომ მისმა ძმამ ეს ყველაფერი მეგობრების დასაცავად მოიგონა.

"რაც შეეხება მისი ძმის მონაწილეობას ამაზე თქვა ასეთი რამ - ეხებოდა დათოს და ჩემმა შვილმა გამოიყენა რაგბის ილეთი, ბეჭით დაეჯახა და გამოაგდო ჩხუბიდანო. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ტანსაცმელი, რომელიც ჩხუბის დროს ეცვა მის ძმას არ არის წარდგენილი გამოძიებაში. თუ დათოს ეხებოდა მ.კ. მაშინ რატომ არ ამოვიდა მის ტანსაცმელზე სისხლი?! გამოდის, რომ ტანსაცმელი გამოიცვალეს და ისე მივიდნენ პოლიციაში.

სუბელიანის პასუხისმგებლობას არავინ დააყენებს. კარგად ხედავთ, რომ დღემდე ბევრი ადამიანის პასუხისგების საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს