რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე

რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევებისა და "ლურჯი ვეშაპის" კავშირზე

ყველა შემთხვევა, რომელიც მოზარდების თვითმკვლელობას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობას ეხება, შესწავლილია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, შს სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტექნოლოგიების, კვლევის და დანერგვის განყოფილების უფროსმა ივანე კაციტაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ თამაშს არ გააჩნია არც ინტერნეტ-აპლიკაციის, არც ვებგვერდის სახე და წარმოადგენს მხოლოდ ფსიქოლოგიური დომინანტის დომინირებას სუსტ მსხვერპლზე.

შს სამინისტროში წარმოებული გამოძიების შესახებ უფრო კონკრეტული განმარტება საქმის გამომძიებელმა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებით მოზარდების “ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ დასტურდება.

“უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ აქტუალური თემაა სასიკვდილო ინტერნეტთამაშები - განსაკუთრებით “ლურჯი ვეშაპი“. გასული წლის 30 მაისს ჩვენს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კონკრეტულად “ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ან თვითმკველობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტებზე. გამოძიება დღემდე გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან. შემოვიდა უამრავი კონკრეტული შეტყობინება მანდატურის სამსახურიდან. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთან მიმდინარეობდა გამოძიება, განცხადებით მოგვმართავდნენ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, ის პირები, ვისაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონოდა ან სცოდნოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, თამაში არსებობს და ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო გავრცელებული რუსეთის ფედერაციაში.

“აქაც მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული, რადგან რუსეთის ფედერაცია საკმაოდ დიდი ქვეყანაა და მასშტაბები საკმაოდ დიდია. დღეის მდგომარეობით რუსეთში მხოლოდ ორი პიროვნებაა დაკავებული - ეს არის თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. მათი ბრალეულობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და საქმეზე გამამტყუნებელი განჩენი დამდგარი არ არის“, - აღნიშნა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს