ავტორი:

აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"

აფხაზები რუსეთს "ელჩს" უწუნებენ - "მისი გვარის გარკვევისას ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა დვინი"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი დვინიანი, სულ რამდენიმე დღეა აფხაზეთში "დიპლომატიური მისიის" შესრულებას შეუდგა. ადგილობრივი მოსახლეობა მას ეჭვის თვალით უყურებს, რაც სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, "ელჩის" სომხურ გვარსაც უკავშირდება. მათი ვარაუდით, დვინიანის აფხაზეთში გამოგზავნა რუსეთში და ბოლო წლებში უკვე აფხაზეთშიც სომხური დიასპორის კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობაა.

აფხაზური საზოგადოების აქტიური წევრები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს გაფაციცებით ადევნებენ თვალს და საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ, რაულ ხაჯიმბას მიერ ზარზეიმით წარდგენილი დვინიანის "ბექრაუნდით" დაინტერესდნენ, თუმცა მისი დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ ბევრი ვერაფერი იპოვეს.

აფხაზეთის ლიდერმა კი მოსახლეობას, აფხაზეთის "ისტორიული გადაწყვეტილებიდან" და "დამოუკიდებლობის აღიარებიდან" 10 წლისთავი მიულოცა და ახალი ელჩის დანიშვნაზეც ისაუბრა.

"რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. ეს ათი წელი არის ჩვენი ქვეყნების ორმხრივი განვითარებისა და პარტნიორული ურთიერთობის ფუნდამენტი... რუსეთის წვლილი დიდია იმაში, რომ აფხაზეთი სახელმწიფოდ შედგა. ბატონო ალექსანდრე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში," - აღნიშნა ხაჯიმბამ "ელჩის" წარდგენისას.

თავად დვინიანმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია "აფხაზეთში რუსეთს წარმოადგენდეს". მისივე თქმით, ის თითქმის 13 წელი მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა.

"2008 წლის 26 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აქტიურად ვარ ჩართული აფხაზეთის დემოკრატიულ განვითარებაში... გპირდებით, შემდეგშიც ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდეს," - განაცხადა დვინიანმა.

აფხაზეთში ყოფილი "ელჩის" სემიონ გრიგორიევის მუშაობაც შეაფასეს და ძველი ცოდვებიც გაუხსენეს. კერძოდ, სოხუმელების აღშფოთება გამოიწვია რუსეთის "საელჩოს" მშენებლობას შეწირულმა ცენტრის ქუჩის ტერიტორიამ, რაზეც გრიგორიევმა თავისი აზრი საკმოდ ხისტად გამოხატა.

კიდევ ერთი ფაქტი იყო, შარშან სოფელ პრიმორსკოეს მიდამოებში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული რუსი ტურისტების გარშემო ატეხილი ხმაური, რა დროსაც, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი მოსკოველი ტურისტების ორ ოჯახს დაესხა თავს.

"ამ ფაქტს "აფხაზეთის რესპუბლიკაში" რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი "ელჩის" სემიონ გრიგორიევის მუქარისშემცველი განცხადება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, მან ასეთი ფაქტების შესახებ არაერთხელ გააფრთხილა "ადგილობრივი ხელისუფლება".

მაშინ გრიგორიევის გამოსვლას შეურაცხმყოფელი და "არადიპლომატიური" უწოდა აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ და გრიგორევი მწვავედ გააკრიტიკა.

მაშ ასე, რა განწყობით ხვდებიან აფხაზეთში რუსეთი ახალ "ელჩს" ალექსეი დვინიანს? სოციალურ ქსელებში აფხაზები მუდმივად საუბრობენ, რომ გაგრასა და ბიჭვინთაში ბიზნესგარემოს ეთნიკურად სომხები აკონტროლებენ. არის შემთხვევები, როდესაც სომხეთიდან დაინტერესებული პირები, ადგილობრივი პირების რეკომენდაციით ჩამოდიან და იქ ბიზნესს იწყებენ, აშენებენ სასტუმროებს, სავაჭრო და საკვებ ობიექტებს. ეს კი აფხაზების გაღიზიანებას იწვევს.

"ჩვენ ვეცადეთ, მისი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეძიებინა. როგორც წესი, ეს ინტერნეტში უნდა იყოს განთავსებული, თუმცა, რატომღაც ვერაფერი ვიპოვეთ... ვიკიპედია გვამცობს, რომ ის 1967 წელს დაიბადა, თუმცა, სად დაიბადა, ამაზე არაფერი წერია, ისევე, როგორც იმ სამსახურებზე, რომელიც მან პრეზიდენტის მიერ ოფიციალური წარდგენისას ისაუბრა. აფხაზურ სოციალურ ქსელებში მისი გვარის გარკვევაც დაიწყეს, თუმცა ვერაფერს მიაგნეს, გარდა იმისა, რომ სომხეთის ძველ დედაქალაქს ერქვა თურმე დვინი," - წერს აფხაზური მედია.

დვინიანმა კი, აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას რატომღაც "13 წლიან გამოცდილებას" გვერდი აუარა და განაცხადა, რომ რამდენჯერმე არის ნამყოფი სოხუმში და "ბრეხალოვკაზე", ძალიან დაბალ ფასად...

"მისი ბუნდოვანი წარსულიდან გამომდინარე, უკვე გასაგებია, რომ ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ... ჩვენი ხელისუფლებისთვის კი ახალი არ იქნება, თუ ვეტყვით, რომ აფხაზეთი კარგა ხანია სომხური ბიზნესის აყვავებისთვის არსებობს. კადრებიც თავად ჩამოჰყავთ, მაშინ, როდესაც, ქვეყანაში უმუშევრობის მიზეზით, ლამის ყველანაირ უბედურებას, მათ შორის კრიმინალსაც ვამართლებთ," - წერს სოციალურ ქსელში სოხუმელი ირაკლი კიუტი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი