უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

უბნის ოფიცრები და ქვეითი პატრული თბილისის ქუჩებში - შს სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას. შს სამინისტრო ამ პოზიციაზე მოქალაქეთა მისაღებად ღია კონკურისის გამოცხადებს გეგმავს. კრიმინალური პოლიციის, მათ შორის უბნის ინსპექტორების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ისაუბრა. როგორც მინისტრმა განაცხადა, კრიმინალური პოლიციის კომპონენტი სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალია, თუმცა კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა, საკმაოდ რთულია. “დღეს, ამ ერთ-ერთ მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია. მდგომარეობა არის შემდეგი: - ისეთი თანამდებობრივი პოზიციები, როგორიცაა უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი და გამომძიებელი, არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის გამოიყენება. ამ დასახელებების უკან შინაარსობრივი გრადაცია არ არის. დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა ხდება. საგამოძიებო კომპონენტი ცალკე გამოიყოფა. დავიწყეთ ამ მიმართულებით ტესტირება. გვაქვს საკმაოდ კარგი მონაცემები, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ. ცალკე ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი დიდი იმედიც გვაქვს, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება - ის იქნება უბნის ოფიცერი. უკვე შექმნილია მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის 365 ადამიანი გვჭირდება. დაწყებულია 80 ადამიანის მომზადება. 10 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ღია კონკურსი გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უბნის ინსპექტორი არის კრიმინალური პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის ინფორმაციით, კიდევ ერთი სიახლე იგეგმება - თბილისში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდა გამოწვევას წარმოადგენს სამართალდამცველი სისტემისთვის. „საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცველი სისტემისთვის ეს გახლავთ დიდი გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ მოჰყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს