შს მინისტრი ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს

შს მინისტრი ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს

შს მინისტრი გიორგი გახარია ნარკოტიკების გავრცელების სამ ძირითად არხს ასახელებს. გახარიას თქმით, მის უწყებას აქვს ხედვა, როგორ ებრძოლოს აღნიშნულ მიმართულებებს და სურს, გავიდეს გავრცელების და შემოტანის ქსელებზე.

"დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინი არის იქიდან ამოღებული. იქ ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალიან სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტით გავრცელება და მესამე - კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი ტრანზიტი ევროპის ქვეყნებიდან ხდება", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება კონკრეტულად ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებას, მინისტრის თქმით, "ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის".

როგორც გახარია ამბობს, ერთადერთი შესაძლებლობა კონკრეტული შემთხვევების სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენაა.

"ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. ჩვენ რამდენიმეჯერ დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას. გვრჩება, ერთადერთი გზა - ფიზიკური თვალთვალით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი. თუმცა, კარგად გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზედ რთულია. ამიტომ, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა შს სამინისტროს აქტივობები იყოს ბევრად უფრო ეფექტური", - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს