რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში მიმდინარე პროცესზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის წარმომადგენლებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უარყვეს საქართველოს მიერ წარდგენილი ბრალდებები, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

"გამოსვლისას რუსეთის მხარემ უარყო საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო მტკიცებები იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რაიმე კავშირი აქვთ 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევებთან. რუსულმა მხარემ მიუთითა სასამართლოს, რომ ამგვარი ბრალდებები უსაფუძვლოა და არ დასტურდება რაიმე ობიექტური ან მისაღები მტკიცებულებებით", - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მოვლენების დამახინჯებას“.

"ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ეღიარებინა თავისი ინიციატივა შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში და რუსეთი დაადანაშაულა არაპროპორციულ ქმედებებში და არაფერი უთქვამს იმაზე, რომ რუსი სამხედროები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას იცავდნენ ქართული ჯარის თავდასხმისგან. ასევე სასამართლოს მიაწოდეს პოზიცია, რომელიც ადასტურებს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულებების არარასებობას იმის თაობაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციას ეწინააღმდეგებოდა", - აღნიშნეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, რათა თავიდან აეცილებინათ სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფა.

"მტკიცება, რომ რუსეთის ფედერაციას კავშირი აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების სისტემურ დარღვევებთან, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, რომ რუსეთი თავის იურისდიქციას ახორციელებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსული მხარის აზრით, საქართველოს მიერ გამოყენებადი ცნება, იურისდიქციისა და ეფექტური კონტროლის შესახებ, არ შეესაბამება გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკას. რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებები და არა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ კონვენციის დებულებები.

"ამავდროულად, რუსულმა მხარემ მოსამართლეებს აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ", - დასძინეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროში.

საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე