ირაკლი შოთაძე - მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება

ირაკლი შოთაძე - მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება

დანაშაულის დაფარვის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განუცხადა. მისი თქმით, დანაშაულის დაფარვის მიმართულებით შსს-მ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა.

"მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი მიცემულია პასუხისგებაში. ეს პროცესი ბოლოშია გასული და იმედი გვაქვს დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვას, ამ მიმართულებით შს სამინისტრომ სრულყოფილი გამოძიება ჩაატარა. ჩატარებული არის ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. დანაშაულის დაფარვის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ, რაზეც ინფორმირებულია საზოგადოება და დაზარალებულები. არც ერთი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით", - განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა სხვა ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. მისივე თქმით, არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა.

"მიმდინარეობს არსებითი განხილვა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ სასამართლო რა ფაქტებს მიიღებს, რა ფაქტებს ცნობს დასაშვებად. ამ განაჩენის მიღების შემდგომ, ჩვენ შესაძლებელია ჩავატაროთ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები", - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე თქმით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, გამოძიების პროცესში მოპოვებული და ამოღებულია თავად გამოძიების მიერ. "ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედო ამ 5 პირის ბრალს, სწორედ ეს ვიდეოჩანაწერია. შესაბამისად, ამ ვიდეოჩანაწერის საზოგადოებისთვის მიწოდება, რომ თითქოს ეს რამე ახალია და გამოძიება და პროკურატურა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, არის სიცრუე. ადვოკატებმა იციან ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს მასალებია გაცვლილია, ყველა მხარეს, ვისაც უნდა ჰქონოდა ეს მტკკიცებულება, აქვს",- განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანის სახელს ხშირად ახსენებენ, თუმცა არასდროს უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ სუბელიანის ოჯახის სამი წევრი სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ დანაშაულის დამალვის საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს