ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურორს შეხვდება : "იმედი მაქვს, ოჯახის მოსაზრებებს გაიზიარებს"

ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურორს შეხვდება : "იმედი მაქვს, ოჯახის მოსაზრებებს გაიზიარებს"

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. მათი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში. შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში.

“წინასწარ ვერაფერს გეტყვით რა მოხდება, მაგრამ თუ იმ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, რომ დამნაშავე პირები დაისაჯონ, ვინც იდენტიფიცირებულია არა მხოლოდ გამოძიების მიერ, არამედ ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციებიდან, მაშინ ამ შეხვედრას აზრიც არ აქვს. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ რაღაც მოსაზრებას გაიზიარებს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა სარალიძემ სარალიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს