ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს