მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქმეში კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესოა, ახლა რა იქნება პროკურატურის შემდეგი ნაბიჯი, როდესაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ორი პირი იყო ბრალდებული და მხოლოდ ორი თანამონაწილეობდა.
„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული საქმე სრულად. საინტერესოა რას იზამს პროკურატურა, როდესაც დადასტურდა, რომ მათი ვერსია ორ ბრალდებულსა და ორ დანის მონაწილების შესახებ არ დადასტურდა. პროკურატურა ამბობდა, რომ არ გაიზრდებოდა ბრალდებულების რაოდენობა, საინტერესოა ახლა რას იზამს პროკურატურა“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.