"სასამართლოს განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით!" - მთავარი პროკურორის განცხადება სარალიძის საქმეზე

"სასამართლოს განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით!" - მთავარი პროკურორის განცხადება სარალიძის საქმეზე

ჩვენ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ბრალდებაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ ამ განაჩენს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით სამოტივაციო ნაწილს, მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა გაუზიარებლობა გაუგებარი და მიუღებელია“, - განაცხადა შოთაძემ.

მისი გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

„ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც. ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების დაწყების დღიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით დაზარალებულებისთვის აგვეხსნა თუ რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძესთან აღარ იარსებოს იმ კითხვის ნიშნებმა, რომ მთავარმა პროკურატურამ რაღაც არ გააკეთა, გადავწყვიტეთ ამ საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები. ისინი ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში“, - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძემ ბრიფინგზე დაასახელა აღნიშნული უცხოელი პროკურორები:

„სერ ჯეფრი ნაისი - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია; მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი; პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას“ ,- განაცხადა შოთაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს