ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოებში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განუცხადა.

„არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - განაცხადა ავალიანმა.

ამასთან, ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ამ ექსპერტიზის დასკვნას სრულად არ იზიარებს, ვინაიდან ის ნაკლოვანია.

„არჩილ ტატუნაშვილს სხვა დაზიანებებიც ეტყობოდა, მაგალითად, შუბლზე სავარაუდოდ ნატყვიარი, ასევე, მარცხენა საფეთქელი შეზნექილი ჰქონდა და ამის შესახებ დასკვნაში არაფერი არის მითითებული. ეს უბრალოდ, არის გარეგნული დათვალიერების სამედიცინო დასკვნა. ჩვენ ველოდებით კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უშუალოდ დაადგენს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს დასკვნა რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროებულ ვადებში მომზადდეს, ვინაიდან ეს გვესაჭიროება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენისთვის“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს