ავტორი:

"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ

"თუ ასე გავაგრძელეთ, აფხაზეთში 2025 წელსაც ასეთი ვითარება იქნება" - ხაჯიმბას გადადგომას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამჯერად, ოპოზიციური პარტია "ამცახარა" მას 10 დღიან ვადას აძლევს.

5 ივნისს გამართულ პარტიის ყრილობაზე, რომელსაც 600-მდე დელეგატი დაესწრო, "ამცახარას" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ალხაზ კვიცინიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება დეგრადირებულია, ხოლო საზოგადოება გახლეჩილი... ამაზე კი პასუხისმგებელია ხაჯიმბას ხელისუფლება, რომელიც ხალხს რეფორმებს, სასიკეთო ცვლილებებს, დასაქმებას და ღირსეულ პენსიას ჰპირდებოდა."

პარტიის წევრების თქმით, ნათქვამია, რომ ხაჯიმბას არაკომპეტენტური საქმიანობა "აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს უქმნის". იმ შემთხვევაში თუ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს იტყვის, "ამცახარა" საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება...

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, რაულ ხაჯიმბას, რეგიონის დამოუკიდებლად მართვის არავითარი ბერკეტი არ აქვს და რაც ყველაზე ცუდია, ის სრულად იზიარებს სომხური დიასპორის პრინციპებს, რომელთაც ძალიან სურთ, აფხაზეთი რუსეთს მიუერთდეს, ეს მათი და მათი ბიზნესინტერესებისთვის მომგებიანი იქნება...

თავის მხრივ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასაც აქვს პასუხი. მათი თქმით, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ისინი ცდილობდნენ რეგიონი თავიანთი ძალებით გადაერჩინათ და ასე გრძელდება ახლაც: "აფხაზეთი ახლაც ჩვენი ხალხის შემოტანილი ბიზნესინვესტიციებით სულდგმულობს და ვითარდება. ეს ეხება როგორც სამშენებლო სფეროს, ისე წვრილმან ვაჭრობას..."- წერს ადგილობრივი ედიტა გევორქიანი.

ekhokavkaza.com-ის ადგილობრივ ჟურნალისტთან საუბარში აფხაზები რეგიონის განვითარების გზებზე საუბრობენ; მათი თქმით, აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. ვიდრე ეს არ მოხდება, რუსეთში მხოლოდ ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების გაყიდვებით რეგიონი ვერ იარსებებს...

"გზები არ არის, ხალხს, ახალგაზრდებს სამუშაო არ აქვთ... მათ რომ განათლების მოტივაცია ჰქონდეთ, იმის იმედით, რომ შემდეგ სამსახური ექნებათ, ყველაფერს ეშველება... ეს არის მთავარი. ახალგაზრდების მომავალი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ..." - ამბობს რაფაელ არჩელია.

კითხვაზე თუ როგორი იქნება აფხაზეთი 7 წლის შემდეგ, ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს ვითარება დამშვიდდა, უფრო სწორად, - შეეჩვივნენ. თუკი სამუშაო გაჩნდება, ხალხი იმუშავებს და თანდათან ყველაფერი დალაგდება.

ლალი ისიანი, 90-იანი წლების ომის მონაწილე: "ბავშვებს გასართობი ცენტრები სჭირდებათ, დიდი კარუსელები ან ასეთი ტიპის ადგილები, სადაც გაერთობიან... ახლა არდადეგები რომ დაიწყება, სად უნდა წავიდნენ, გართობა ხომ უნდათ?.. ესეც კი არ არის ამხელა ქალაქში... ადრე, წლების წინ ვფიქრობდი, რომ აფხაზეთი ძალიან მალე განვითარდებოდა და აყვავდებოდა. თუმცა, ბოლო ორი წელია, ვფიქრობ, არაფერი იცვლება უკეთესობისკენ. არადა პოტენციალი არის - სოფლის მეურნეობის, კურორტებისა და ტურიზმის განვითარება. ამაზე არავინ ზრუნავს, ისეთი კარგი ადგილებია გაველურებული და განადგურებული...

ადგილობრივების თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

"ბავშვთა საავადმყოფოები უნდა არსებობდეს, ექიმები გვყავს - აპარატურა არ გვაქვს. საშინელი ვითარებაა... ხშირად გვეკითხებიან, საიდან უნდა დავიწყოთო, - სამშობიაროებისა და საავადმყოფოების აშენებით და სწორი აღზრდით უნდა დავიწყოთ" - წერს ადგილობრივი.

"ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ, ასეთივე ვითარება იქნება 2025 წელსაც აფხაზეთში - დეპრესიული და დათრგუნული ხალხი. უმუშევრობა... თუ რეალური ცვლილებები მოხდება, ყველაფერი შეიცვლება. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, ცხოვრების გაგრძელება" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი