პოლიციელი ძმები, რომლებიც ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გაათავისუფლა

პოლიციელი ძმები, რომლებიც ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გაათავისუფლა

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოჩა ბლუაშვილს, რომელსაც რძლისა და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმეზე პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა ბრალი სრულად აღიარა. შემდეგ კი პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს ბრალდებულისთვის ერთი წლით პირობითი მსჯავრის შეფარდება, ასევე, 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრება სთხოვა. ლონდარიძემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, ბლუაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციითვე, ასევე დღეს გაიმართა ცოლზე ძალადობაში ბრალდებული იაკობ ბლუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა და იგი სასამართლოდა 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ნახეთ ვიდეო: პოლიციელი ძმები, რომლებმაც ოჯახის წევრ ქალსა და არასრულწლოვან ბავშვზე იძალადეს, საპროცესოთი გამოუშვეს

შეგახსენებთ, 11 აპრილს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავა - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელი გოჩა ბლუაშვილი და მისი ძმა, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი იაკობ ბლუაშვილი.

საქმის მასალებიდან ირკვეოდა, რომ 9 აპრილს, საღამოს საათებში, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი მისი ძმა იაკობ ბლუაშვილი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ძმას მომხდარის შემდეგ უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს