ოპიოიდების ჯგუფის ტკივილგამაყუჩებელმა საშუალება ფენტანილმა ევროპის მასშტაბით 250-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ფენტანილი 50-ჯერ ძლიერია, ვიდრე ჰეროინი და ევროპაში საკმაოდ ხელმისაწვდომია. წამლისა და წამალზე დამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ინფორმაციით, ნივთიერებისგან გამოწვეული საფრთხე ძალიან დიდია.
უწყების ინფორმაციით, წამალს ევროპაში ბოლო ორი წლის მანძილზე 250 ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება. ფენტალინი სიმსივნის დროს ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენება, თუმცა მისი, როგორც ჰეროინის შემცვლელის შოვნა შავ ბაზარზე თავისუფლად არის შესაძლებელი.
ოპიოდებისგან გარდაცვალების შემთხვევები ძალიან მაღალია აშშ-შიც, პრობლემა ფენტალინისა და სხვა სინთეტიკური ოპიოიდებისგადაჭარბებული დოზის გამო ქვეყანაში 20,145 ადამიანი დაიღუპა.
„ფენტანილი არის განსაკუთრებულად ძლიერი ოპიოიდი, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ ევროპის წამლის ბაზარზე დიდი ადგილი არ უჭირავს, ადამიანების სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის,“ - ნათქვამია EMCDDA-ს ყოველწლიურ ანგარიშში.
რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა აღნიშნულ ოპიოიდს ადამიანების გარდაცვალება, არ არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა, შესაძლოა, სწორედ ფენტანილმა გამოიწვია.