ზაფხულის დადგომასთან ერთად, უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, მატულობს ბრალდებები მის ხარისხთან დაკავშირებითაც. მაგალითად, უკვე რამდენიმე დღეა უალკოჰოლო სასმელების ცნობილ მწარმოებელს "ნატახტარს" სკანდალურ ბრალდებებს ზედიზედ უყენებენ. ჯერ იყო და "ნატახტარი" "ლაღიძის წყლებმა" დაადანაშაულა, შემდეგ კი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე პრეტენზიები თემურ ჭყონიამაც გამოთქვა.
არადა, რა ხარისხის უალკოჰოლო სასმელს მიირთმევს მოსახლეობა, უცნობია. სურსათვის უვნებლობის სამსახური სხვადასხვა პროდუქციასთან დაკავშირებით კვლევებს კი ატარებს, მაგრამ დასკვნაში კონკრეტული პროდუქცია არასდროს მითითებული არ არის.
მომხმარებელს იმის გაგება, თუ რას ჭამს ან სვამს მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ისინი კვლევის შედეგებს საზოგადოებას ყოველთვის დეტალებში აცნობენ.
გამაგრილებელი სასმელებიც საშიშია?!
უალკოჰოლო სასმელების ცნობილი მწარმოებელი "ნატახტარს" სკანდალურ ბრალდებებს უყენებენ. "კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯიას" დამფუძნებლის მტკიცებით, "ნატახტარი" იტყუება როდესაც აცხადებს, რომ ქართულ ლიმონათს ამზადებს.
თემურ ჭყონიას თქმით, დღეს ქართულ რესტორნებში, ძირითადად, "ნატახტარის" თურქული წარმოების უალკოჰოლო სასმელები იყიდება. ამიტომ, ბიზნესმენი რესტორნების ქსელში უალკოჰოლო სასმელების ნიშის ათვისებას გეგმავს და არ მალავს, რომ კონკურენციას "ნატახტარსაც" გაუწევს. ამ მიზნით "კოკა-კოლამ" სპეციალური შუშის ბოთლები ბულგარეთში უკვე შეუკვეთა.
არანაკლებ ხმაურიანი ბრალდებები ისმის "ნატახტარის" წინააღმდეგ ლაღიძის ლიმონათების ქარხანაშიც. როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა თორნიკე ლაღიძემ განაცხადა, "ნატახტარი" მომხმარებელს ატყუებს და ქიმიური ესენციებისგან დამზადებულ ლიმონათს ყიდის. შედეგად ნატურალური ხილით დამზადებული ლიმონათები, რომლებიც რამდენიმე თეთრით ძვირია, აღარ იყიდება. მისივე მტკიცებით, ბაზარი დღეს სწორედ "ნატახტარის" ქიმიური ლიმონათებითაა გაჯერებული.
"ჩვენ ლიმონათს ნატურალური ხილით ვამზადებთ, "ნატახტარი" კი ესენციას იყენებს, ლაღიძეს არა აქვს საშუალება სარეკლამო კამპანია ჩაატაროს, თუმცა მუდმივი კლიენტები მაინც გვყავს", - განმარტავენ ქარხანაში.
რაც შეეხება "ნატახტარის" პოზიციას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის ბრალდებები, რაც ბოლო პერიოდში მათ მიერ ნაწარმ პროდუქციაზე ისმის, მხოლოდ არაჯანსაღი კონკურენციის ნაწილია.
"ჩვენი ლიმონათი გერმანული კომპანია "ჯოლერის" ნედლეულით მზადდება, რომელსაც საკუთარი სერთიფიკატი და სპეციფიკაცია მოჰყვება. ეს პროდუქცია არის ნატურალური და აკმაყოფილებს პროდუქტების კვების შესახებ კანონს, რომელიც გერმანიაში 1988 წელს გამოვიდა. თავად "ჯოლერი" მხოლოდ ნატურალურ არომატებს აწარმოებს და არა სინთეზურ არომატებს.
როდესაც ჩვენი პროდუქციის მიმართ ასეთი ბრალდებები დაიწყო, ჩვენ დავუკავშირდით "ჯოლერის" ხელმძღვანელს გერმანიაში, რომელმაც ასეთი წინადადება შემოგვთავაზა, რომ წავიღოთ ჩვენი ნედლეული და თქვენ მიერ ჩამოსხმული ლიმონათი ევროპის ნებისმიერ ლაბორატორიაში და ჩავატაროთ სპეციალური კვლევა. ასე რომ, ეს ბრალდებები არაჯარსაღი კონკურენციის ნაწილია, რადგან ჩვენი კომპანია ლიმონათს ნატურალური არომატით უშვებს", - განუცხადა "ბიზნესს რეზონანსს" "ნატახტარის" ლაბორატორიისა და ხარისხის უზრუნველყოფის უფროსმა მარინა ჭიღლაძემ.
ამ ბრალდებების შემდეგ კი ხარისხის ფონდმა "ნატახტარის" ლიმონათების კვლევის დაწყება გადაწყვიტა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს საქართველოს ხარისხის ფონდი საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.
გარდა ხარისხის ფონდისა, ბაზარზე გამოტანილ უალკოჰოლო სასმელების ხარისხის კვლევას უახლოეს მომავალში მომხმარებელთა ფედერაციაც დაიწყებს. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, ისინი არა მარტო ბრენდების, არამედ კუსტარულად დამზადებულ ლიმონათსაც და ქუჩაში სპეციალური აპარატით ჩამოსასხმელ წვენებსაც გამოიკვლევენ.
"გვაქვს ინფორმაცია მომხმარებელებისგან, რომ იაფფასიანი გამაგრილებელი წვენები საკმაოდ ცუდ სიტუაციაში მზადდება. განსაკუთრებით კი მძიმე მდგომარეობა ამ მიმართულებით რეგიონებშია. არ სუფთავდება ბოთლები, ლიმონათი ისხმევა სარდაფებსა და ავტოფარეხებში, რაც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს აყენებს.
ჩვენ ამ მიმართულებით კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ამ კვირას ვაპირებთ შევიძინოთ ცნობილი ბრენდების ნაწარმი, ასევე კუსტარულად დამზადებული გამაგრილებელი სასმელები და ლაბორატორიული კვლევა ჩავატაროთ.
ასევე ვაპირებთ ქუჩაში მდგარი ჩამოსასხმელი აპარატების შემოწმებას, რადგან ვიცით, რომ ეს აპარატები სათანადოდ არ სუფთავდება. ასეთ გამაგრილებელ სასამელებს კი, ძირითადად, ბავშვები მოიხმარენ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ ცუდია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კოიძემ.
ქართული წარმოების ლიმონათებში ქიმიური საღებავების გამოყენებას ადასტურებენ "სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაციაშიც" და აცხადებენ, რომ ლიმონათებში არსებული წითელი და მწვანე საღებავები, მათი კანცეროგენულობის გამო, ჯანმრთელობისათვის საზიანოა.
"ლიმონათის მწარმოებელი თითქმის ყველა ქარული კომპანია სადღეისოდ ნატურალურ შაქარს იყენებს და ეს ძალიან კარგია, თუმცა, ხდება ქიმიური საღებავების გამოყენება, რაც გარკვეულწილად ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
დღეისათვის ბაზარზე არსებული ლიმონათი უსაფრთხო არ არის. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ძირითადად ბავშვები მოიხმარენ. ამ ლიმონათებში არსებული საღებავის შემცველობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ეს კი ფერისა და გემოს შემცველობას ეხება. მათი მიღება ჯანმრთელობისათვის არცთუ უვნებელია", - აცხადებენ ასოციაციაში და განმარტავენ, რომ სასმელის კაშკაშა ფერი სწორედ მსგავსი ნივთიერებების გამოყენებით მიიღწევა.
ელზა წიკლაური