გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

გუდაურში მომხდარი კონფლიქტის დეტალები - შსს ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: "შეხება არ მაქვს პოლიტიკოსებთან და ეს ბიზნესინტერესების გადაკვეთა იყო" - რა მოხდა გუდაურში, სადაც ქართველი და უცხოელი პარაპლანით მფრინავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც დაბა გუდაურის ახლოს იჯარით აქვთ აღებული პარაპლანით დაშვების ადგილები, კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა. გამოძიების პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და სამივე დაზარალებული გამოკითხა. ასევე, ტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონფლიქტის მეორე დღეს, ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს.

კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა კონფლიქტში მონაწილე რუსეთის ორივე მოქალაქე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაშო.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს