ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, შესაბამისად, ის, რომ გუშინ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი ნამდვილად იყო სამთავრობო ცვლილებებზე, ზოგიერთმა დეპუტატმა უკვე დაადასტურა. რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა მთვარობის წევრების "სახლში გაშვება"? - პოლიტოლოგებს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ეს პროცესი გარდაუვალია და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება.
ის, რომ სხდომა ძალიან დაძაბული იყო და იქ მხოლოდ "იუნისეფის" დასკვნის განხილვა არ მომხდარა, თავდაპირველად დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაადასტურა.
"არ დასმულა საკითხი ასე, რომ მოდი, დღეს ეს გადავაყენოთ და ეს დავტოვოთ. აქ იყო მსჯელობა, იყო ემოციური გამოსვლებიც, ბუნებრივია. ბიძინას პოზიციაზე მინდა გითხრათ, რომ ის საკმაოდ უკმაყოფილოა შექმნილი მდგომარეობით და ადეკვატურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.
ასეთი გაბრაზებული არასდროს არ მინახავს. ის ჩვენზე უფრო რადიკალური იყო მდგომარეობის შეფასებაში, ვიდრე ჩვენ, ხალხის წარმომადგენლები ვართ. ასე რომ, მსჯელობა იყო შედეგებზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ის, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმაყოფილოა, ამის შესახებ Ambebi.ge-სთან დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს. მისი თქმით, ცვლილებები იქნება, თუმცა როდის და რა ფორმით, ამას მომავალი გვაჩვენებს.
"კვლევის შედეგები განვიხილეთ, ეს არის დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი. სამთავრობო ცვლილებზე არ იყო საუბარი, ზოგადად სიტუაციის შეფასებაზე ვისაუბრეთ, თუ რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე. ეს კვლევები დამაფიქრებელია. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამ კვლევების ანალიზი შეუძლია, დაწყნარების და კმაყოფილების საფუძველი არ აქვს. კმაყოფილი და ბედნიერი "ოცნების" არცერთი წევრი არ ყოფილა. ცვლილებები საჭიროა, თუმცა რა იქნება და როგორ, ამას მომავალი გვაჩვენებს", - ამბობს ჭიჭინაძე.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკაში მეორედ მოსვლის" შემდეგ სამთვარობო ცვლილებები გარდაუვალია, ამას პოლიტოლოგებიც ამბობენ, თუმცა უჭირთ ვარაუდის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიდო ეს პროცესი.
შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, ცვლილებები, პირველ ყოვლისა, თავად მოქმედ პრემიერს - გიორგი კვირიკაშვილს შეეხება და მას შს მინისტრი - გიორგი გახარია ჩაანაცვლებს. ასევე კვირიკაშვილთან ერთად მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, დღეს და ხვალ სამთვარობო ცვლილებით მოხდება იმ შეცდომების აღიარება, რაც მთვარობამ დაუშვა.
"გუშინ, რომ განხორციელებულიყო სამთავრობო ცვლილებები, მაშინ ისინი ირიბად აღიარებდნენ იმ შეცდომებს, რომლებიც დაუშვეს, თუნდაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ასევე საკითხავია, ეს ფაქტი როგორ იმოქმედებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე - დადებითად თუ უარყოფითად. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამთვარობო ცვლილებებს არ ველოდები, თუ რა თქმა უნდა, მანამდე მორიგი საპროტესტო ტალღის აგორება არ მოხდა. ზოგადად კი, ცვლილებების დრო არის", - გვითხრა ჩიტაძემ.
"გარკვეული ნიშნები და სიმპტომები ერთია, მაგრამ მოლოდინი მეორე", - ამ განცხადებას კი ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე აკეთებს. მისი თქმით, ცვლილების დრო არის, თუმცა გუშინ ტყუილი ილუზიები შეიქმნა.
"სულ არ ვფიქრობ, რომ გუშინდელ შეხვედრაზე "იუნისეფის" კვლევაზე იმსჯელეს. ცვლილებები დააანონსეს ისეთმა დეპუტატებმაც, რომელთა პოზიციებიც ყოველთვის განსხვავდება უმრავლესობის პოზიციისაგან. ამიტომ ეს არარელევანტურია და ამაზე ანალიზის დადება ძნელია. ვფიქრობ, პოლიტსაბჭოში იყო ცხარე დისკუსია, რომელიც ეძღვნება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. ზოგადად კი, სამთვარობო ცვლილებები მოსალოდნელია, შეიძლება ერთ კვირაში ან ერთ თვეში. გარკვეული ნიშნები და სიმპტომები ერთია, მაგრამ მოლოდინი - მეორე. ცვლილებები მოსალოდნელი არის, მაგრამ გუშინ მყარი მოლოდინი შეიქმნა მედიის მხრიდან. ჩემი აზრით, პოლიტსაბჭოში მოხდა პოზიციებისა და განწყობების გარკვევა, ვინ როგორ უყურებს პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას. მოხდა ამ კვლევის მიმოხილვა და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე ბჭობა", - გვითხრა გორგილაძემ.
სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი, გია ხუხაშვილი, თუმცა კითხვაზე, რატომ არ მოხდა ეს გუშინ, ამბობს რომ "ამ თემაზე ვერ იჭორავებს".
"ყველაფერს თავისი დრო აქვს, სისტემური ცვლილების დრო ნამდვილად არის მაგრამ, რა ფორმით და რა კუთხით, ამას დავაკვირდებით. ფაქტია ხელისუფლების სერიოზული რეფორმირებაა საჭირო, არა მხოლოდ პერსონალური, არამედ - მართვის სტილის მიმართულებით. ხოლო გუშინ რატომ არ მოხდა ცვლილებები, ამაზე ჭორაობაში ვერ შევალ. ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია, თუ რა თქმა უნდა, გადარჩენის ინსტიქტს მიჰყვება ხელისუფლება. თუ რეფორმირება არ მოხდა, მაშინ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. მოლოდინი იყო იმიტომ, რომ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა", - ამბობს ხუხაშვილი Ambebi.ge-სთან საუბარში.