აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივნებმა - ჯორჯ შულცმა და კონდოლიზა რაისმა - რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს 1921 წელს დაბეჭდილი საბჭოთა პლაკატი აჩუქეს.
"ბატონო პრეზიდენტო, დიდხანს ვფიქრობდით, რა გვეჩუქებინა თქვენთვის. ისეთი რაღაცის შერჩევა გვსურდა, რაც თქვენი ქვეყნისადმი სტენფორდის ინტერესს წარმოაჩენდა", - განაცხადა შულცმა სტენფორდის ცნობილ უნივერსიტეტში მედვედევის გამოსვლის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ პლაკატი, რომელიც 1921 წელს რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული, სტენფორდის არქივებში აღმოაჩინეს. მასზე გაკეთებულია წარწერა: "სიბნელიდან სინათლისკენ, ბრძოლებიდან წიგნისკენ, მწუხარებიდან ბედნიერებისკენ".
"ჩვენ ამ პლაკატის ასლი აღმოვაჩინეთ", - განაცხადა შულცმა და აღნიშნა, რომ მასზე გაკეთებული ოპტიმისტური წარწერა ყველა დროში აქტუალურია.
რუსეთი პრეზიდენტმა საჩუქრისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ პლაკატზე კიდევ ერთი წარწერაა.
"აქ კიდევ ერთი წარწერაა, რომლის შესახებაც სახელმწიფო მდივან შულცს არაფერი უთქვამს. ის ზემოთ პატარა ასოებით წერია: "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!" მე არ ვარ ამ ლოზუნგის თაყვანისმცემელი, ამიტომ იმას ვუჭერ მხარს, რაც დიდი ასოებით წერია", - იხუმრა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა სტენფორდს სურათი აჩუქა, რომელზეც სანკტ-პეტერბურგის ხედია გამოსახული.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.