ავტორი:

რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

რით ემუქრება წულუკიანი "ოცნებას"?

ახალი პრემიერის კანდიდატურა ცნობილია, ახლა საზოგადოება ახალი სამთავრობო კაბინეტის წარდგენას ელის. კულუარული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის უცვლელი მინისტრი - თეა წულუკიანი, პოსტს ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნებს.

საინტერესოა, როგორ ახერხებს წულუკიანი ბოლო ექვსი წლის მანძილზე შეუცვლელი იყოს, მაშინ როცა მის მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილში და არასამთავრობო სექტორში პროტესტის ტალღა აგორდა, მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო.

კულუარული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორი გადადგა, თბილისი საპროტესტო მუხტმა მოიცვა, გამწვავდა კითხვები წულუკიანის და მისი დაქვემდებარებული უწყებების მიმართ, იუსტიციის მინისტრის მიმართ უკმაყოფილება „ოცნების“ შიგნითაც გაჩნდა. თუმცა, წულუკიანი მთავრობას "გუნდის ჩაძირვით" ემუქრება და კულუარული ინფორმაციით აშანტაჟებს კიდეც. როგორც ცნობილია, 12 ივნისის შეხვედრაზე, როცა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის გადადგომა კატეგორიულად მოითხოვა, კონკრეტულად წულუკიანის მისამართით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ის, რომ უკვე 6 წელია იუსტიციის მინისტრი უცვლელად ინარჩუნებს თანამდებობას, თანაც შეცდომების და აქციების ფონზე, ამასთან დაკავშირებით ბევრს უჩნდება კითხვის ნიშნები.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს თანამდებობების შესანარჩუნებლად. თუმცა, ვინ რა ფორმას გამოიყენებს თანამდებობაზე დასარჩენად, ამაზე საუბარი უჭირს:

"წულუკიანის წასვლაზე ადრეც იყო საუბარი, მაშინ როდესაც სტრასბურგში მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქართველი მოსამართლის კანდიდატურა ორჯერ ჩავარდა. თუმცა, თუ რა მექანიზმმა იმოქმედა და როგორ შეინარჩუნა პოსტი, ძნელი სათქმელია. მეორეს მხრივ მამუკა არეშიძემ გუშინ აღნიშნა, რომ ქართულ მხარე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ბრწყინვალედ გამოვიდა და ასეთი უსუსური რუსეთი ჯერ არ მინახავსო. ასე რომ, მის მოღვაწეობაში არის როგორც შავი ისე თეთრი ლაქები და შეიძლება თეთრი ლაქების გამო მსჯელობენ სხვანაირად. ძნელი სათქმელია. მთავარია პარტია არ დაზარალდეს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს.

წულუკიანმა რით შეიძლება დაშანტაჟოს თანაგუნდელები ნამდვილად არ ვიცი. როგორც წესი ასეთი რაღაცეები სპეცსამსახურებისგან გამიგია, წვდომა აქვთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. როდესაც „ვაკანსიები“ ჩნდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და კონკურენცია მაღალია შიდა დაპირისპირებაც ჩვეულებრივი მომენტია, ასეთი რამ ყველა პოლიტიკურ პარტიაში ხდება“, - გვითხრა საყვარელიძემ.

ახალ მინისტთა კაბინეტში თეა წულუკიანის შესაძლო დარჩენამ, არასამთავრობო სექტორში აღშფოთება უკვე გამოიწვია. ისინი არ გამორიცხავენ მორიგ საპროტესტო ტალღას თბილისში.

"არ ვიცი რა ისეთ ინფორმაციას ფლობს თეა წულუკიანი, ან რა წვლილი აქვს, რომ უკვე 6 წელია ინარჩუნებს თანამდებობას. მაგრამ ფაქტია, თითქმის ყველა მინისტრი შეიცვალა მის გარდა და ფაქტია ისიც, რომ ამ სფეროში გამოწვევები რჩება და ყველაზე მეტად პასუხისმგებლობა მას ეკისრება იმ გაუტარებელ რეფორმებზე, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში ხდება“ - უთხრა AMBEBI.GE-ს "სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ მიხელ ბენიძემ.

მისივე თქმით, თუ წულუკიანი შეინარჩუნებს პოზიციას, ეს იქნება მანიშნებელი, რომ მთავრობა ვერ ხვდება, რა გამოწვევები არსებობს დღეს ქვეყანაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის აზრით, წულუკიანი თანამდებობას, შესაძლოა, გარკვეული გავლენებით ინარჩუნებდეს. "თუკი წულუკიანი შეინარჩუნებს თანამდებობას, ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არაფერი იცვლება იმ მიმართულებით, რაზედაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ კითხვები. სწორედ ამ მიმართულებას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები და არა ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული პრემიერის გადადგომის დროს.

თუკი დარჩება იუსტიციის მინისტრი თანამდებობაზე, სამართლებრივი რეფორმები ისეთივე ნელი ტემპით და ხარვეზებით წარიმართება, როგორც აქამდე. რაც კვლავ გამოიწვევს საზოგადოების დიდ მღელვარებას და საპროტესტო გამოსვლებს. სრულიად მოსალოდნელია, რომ მოხდეს აქციების განახლება, იმიტომ, რომ საზოგადოების მოლოდინი უკავშირდება ცვლილებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარების აუცილებლობა თვალნათელია. პროკურორია დღედღეზე ასარჩევი და ამ თანამდებობაზე თუ ისევ წულუკიანი დარჩა, მივიღებთ ისევ შოთაძის და მისი წინამორბედების მსგავს პროკურორებს" - გვითხრა ცქიტიშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, წულუკიანთან პროკურორის არჩევის საკითხზე თანამშრომლობა შეუძლებელია, ამიტომ ბოიკოტირებას გააგრძელებენ. "მხოლოდ ოთარ ფარცხალაძე კმარა იმისთვის, რომ თვალნათელი გახდეს, ვის და რა ფორმით შეარჩევს წულუკიანი მთავარ პროკურორად. ამ მინისტრთან კონკრენტულ და სხვა მსგავს საკითხებზე პრაქტიკულად შეუძლებელია თანამშრომლობა" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ცქიტიშვილმა.

წულუკიანის პოსტზე დარჩენას აფასებს იურისტი ლია მუხაშავრიაც. "წარმოდგენაც კი მიჭირს, რით შეიძლება აშანტაჟებდეს წულუკიანი მთავრობას, ან რა გზით ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას. ის, რომ პროტესტის მიუხედავად ადამიანი კვლავ ინარჩუნებს პოსტს, აღმაშფოთებელია, მეტი რომ არაფერი ვთქვა“ - გვითხრა იურისტმა.

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის აზრით კი, წულუკიანს აქვს გარკვეული საქმეები, რომელიც დაუმთავრებელია და შესაძლოა სწორედ ამ გზით ინარჩუნებს თანამდებობას.

"არ ვიცი წულუკიანმა რით შეიძლება დააშანტაჟოს ივანიშვილი, ან მთავრობის წევრები და რა თემა შეიძლება ჰქონდეს ამისთვის. მესმის, როცა სუბელიანზე ვრცელდებოდა რაღაც ინფორმაციები, თუმცა ივანიშვილის დაშანტაჟება სუბელიანისგანაც წარმოუდგენელია. წულუკიანთან დაკავშირებით, შესაძლოა არის რაღაც პოლიტიკური საუბრები პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მოდიან „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბების პირველი დღიდან. რაღაც გარკვეული წონა ამ პოლიტიკოსებს გააჩნიათ.

ასევე არის საკითხები, რომელზეც მუშაობს წულუკიანი - ჰააგაში მიმდინარე საქართველო-რუსეთის პროცესი და სტრასბურგი, რომლის შემაჯამებელი პროცესი გასულ თვეში ვიხილეთ. ამ პროცესების წამყვანი არის იუსტიციის მინისტრი და ვთვლი, რომ ეს პროცესები იუსტიციის სამინისტრომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს სალუქვაძემ.

„რაც უფრო დიდი ხანია იქნება წულუკიანი, მით უფრო გაიწელება სისტემის რეფორმირება და დაზიანდება „ქართული ოცნება“, - ამ კომენტარს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე აკეთებს.

"არ ვიცი რა ფორმით ახერხებს თანამდებობის შენარჩუნებას, არადა რამაც მთავრობის შეცვლა განაპირობა, ეს იყო საზოგადოების პროტესტი, რომელიც წარმოიშვა მართლმსაჯულების კრიზისის გამო და ბუნებრივია, პირველი ვინც უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, იყო თეა წულუკიანი. ძალიან უცნაურია, თუ მთავრობა ფიქრობს, რომ პრემიერის გადაყენებით ვითარებას დაასტაბილურებენ და ხალხის პროტესტს ჩაახშობენ. რაც უფრო დიდი ხანი იქნება წულუკიანი სამინისტროში, მით უფრო დიდი ხანი გაიწელება სისტემის რეფორმირება და შესაბამისად, დაზიანდება „ქართული ოცნება“ - გვეუბნება მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, მმართველმა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს უკვე წარუდგინა. ამის შემდეგ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები