ავტორი:

ვინ უშლის ხელს ტრამპი-პუტინის შეხვედრას?

ვინ უშლის ხელს ტრამპი-პუტინის შეხვედრას?

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის გარშემო უამრავი ვერსია ვრცელდება. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს და რუსეთის პრეზიდენტის თანხმობაც მიიღო, ეს საკითხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. რუსული მედიის ვარაუდით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის ორი "მოედანი" არსებობს - ეს არის ავსტრიის დედაქალაქი ვენა, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის პრეზიდენტის არჩევანია და ბელგიის დედაქალი ბრიუსელი, სადაც შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი მოისურვებს. კიდევ ერთი ვერსიით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა შესაძლოა, ივლისის შუა რიცხვებში, ნატოს სამიტის ფარგლებში შედგეს...

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრისას სასაუბრო თემა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები იქნება, რაც სირიისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გულისხმობს. მათივე ცნობით, რუსეთში ამის ფონზე არსებული ეკონომიკური ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტების თქმით, ამ მხრივ რუსეთის ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები დროულად უნდა გადადგას.

The Washington Post-თან საუბარში ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ანჯელა სტენტი აცხადებს, რომ ტრამპს სურს ვითარებით ისარგებლოს და ჩრდილოეთ კორეასთან მიღწეული წარმატება გაიმეოროს.

"პრინციპში ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს და თუ პუტინი შეხვედრაზე გაჯიუტდება და დროს გაწელავს, ეს მის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისევ ტრამპის წისქვილზე დაასხამს წყალს. საბოლოოდ შეხვედრა გარდაუვალი იქნება და ის შეფასდება როგორც ამერიკის ტრიუმფი, რუსეთთან ურთიერთობაში," - აცხადებს ექსპერტი.

უკვე დიდი ხანია დასავლური მედია ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ამერიკის ლიდერისა და კიმ ჩენ ინის ურთიერთობას ადარებს. საქმე ის არის, რომ ორივე ლიდერი ექსცენტრიულია, მეტ-ნაკლები ამბიციებით, თუმცა, მნიშვნელოვანია, რა რეალობა დგას მათ უკან. ამ შემთხვევაში კი რუსეთს მომგებიანი პოზიცია ნამდვილად არ უჭირავს.

რუსული მედიის ცნობით, საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც დასავლური მედია წერს. "ქვეყანაში პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა არც ისეთი კატასტროფული ვითარებაა, როგორც ამას წარმოაჩენენ. "თეთრ სახლში" არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გარკვეული პუნქტები სწორედ ვლადიმირ პუტინთან კონსულტაციების შემდეგ, მისივე რჩევებით იყო შედგენილი... რაც შეეხება თავად რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, ვისგან მიიღებს ტრამპი პუტინთან შეხვედრამდე რჩევებს, ჯერჯერობით უცნობია", – წერს gazeta.ru.

დასავლური მედიის ერთი ნაწილის თქმით, ტრამპის ზოგიერთ მრჩეველს ტრამპი-პუტინის შეხვედრა საერთოდ არ სურს. CNN-ის წყაროს ცნობით, შესაძლოა ეს ამერიკის საპრეზიდეტო არჩევნების დროს "რუსეთის სკანდალით" იყოს გამოწვეული.

"თავის მხრივ, ტრამპმა უკვე შეძლო და მოასწრო მის გარშემო ისეთი მრჩევლების მობილიზება, რომლებიც ამერიკის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევენ. შესაძლოა, ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ცნობილი სკანდალის შემდეგ, ტრამპი იმიჯის აღდგენას ამ გზით შეეცადა", - ამბობს მედიის წყარო.

რუსული მედიის იმ ნაწილის ვარაუდით, რომელიც ობიექტურობას გარკვეულწილად ინარჩუნებს, ვიეტნამის სამიტის შემდეგ, ტრამპმა პუტინის "თეთრ სახლში" მოწვევა გადაწყვიტა, ორმხრივი შეხვედრა ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა მისმა მრჩევლებმა ეს წინადადება დააიგნორეს.

CNN-ის ცნობით, არის ორი გამოკვეთილი პოლიტიკოსი, რომლებიც რუსეთის მიმართ შეუვალი პოზიციით გამოირჩევიან. ეს არის ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი, რომელმაც ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის პრეიზდენტს მის მიერ გამოხატული პოზიციის გამო "მატყუარა" უწოდა.

gazeta.ru–ს ცნობით, ამერიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ის არის, რომ ისინი ცდილობენ მსოფლიო და მათ შორის რუსეთის მეზობელი ქვეყნები დაარწმუნონ, რომ "რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს საერთაშორისო საზღვრები შეცვალოს - ამას ეუბნება საქართველოსა და უკრაინასაც..." – წერს გამოცემა, რომლის თქმითაც, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში არ შედის.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსულ-ამერიკულ "კატა-თაგვობანაში" შეცდომებს ორივე მხარე უშვებს, თუმცა, რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი ანგარიშს მნიშვნელოვანი სხვაობით აგებს. ამიტომაც, პირდაპირ თუ ირიბად ის მიისწრაფვის ტრამპი-პუტინის შეხვედრის დაჩქრებისკენ, სადაც შესაძლოა, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, სანქციების საკითხიც განიხილონ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე