უნიკალური კადრები ია ფარულავას არქივიდან და ძვირფასი რელიკვია, რომელიც მსახიობს ჰოლივუდის სახელგანთქმულმა პედაგოგმა დაუტოვა

უნიკალური კადრები ია ფარულავას არქივიდან და ძვირფასი რელიკვია, რომელიც მსახიობს ჰოლივუდის სახელგანთქმულმა პედაგოგმა დაუტოვა

მსახიობმა ია ფარულავამ 90-იანი წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. თავდაპირველად სიეტლში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, ის შემთხვევითობის წყალობით მოხვდა ამერიკაში.

საქართველოში სიეტლიდან ჩამოსულმა ჯგუფმა გადაიღო პირველი ქართულ-ამერიკული სატელევიზიო ფილმი: "შევარდენი" (Falcon), რომელიც ქართულ ხალხურ ზღაპრებზე იყო დაფუძნებული. ამის შემდეგ, ამერიკულმა გადამღებმა ჯგუფმა მსახიობებს შესთავაზა, სატელევიზიო ფილმი სპექტაკლად წარედგინათ სიეტლში "კეთილი ნების" თამაშების პარალელურად გამართულ ფესტივალზე. სწორედ ასე დაიწყო ია ფარულავას "ამერიკული ოდისეა".

ბევრმა არ იცის, რომ ქართველი მსახიობი 1993-1998 წლებში ჯერ სამსახიობო მასტერკლასებს გადიოდა ჰოლივუდურ წრეებში კარგად ცნობილ პედაგოგთან, რუსული წარმოშობის რეჟისორ გიორგი ჟდანოვთან, ხოლო შემდეგ მისი თანაშემწე და ტრენერი იყო ბევერლი ჰილსზე მდებარე სამსახიობო სტუდიაში.

გიორგი ჟდანოვი რუს მსახიობთან და პედაგოგთან მიხეილ ჩეხოვთან ერთად, ჰოლივუდის არაერთი ცნობილი მსახიობის აღმზრდელად ითვლება. მათ სამსახიობო ჯგუფში თავის დროზე შედიოდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც იყვნენ: ენტონი ქუინი, მალა პოვერსი, ჯონ დინერი და ა.შ მერილინ მონრო აღნიშნავდა, რომ ჩეხოვმა მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა აბრაამ ლინკონის შემდეგ, ხოლო იულ ბრინერი კი აღიარებდა, რომ ჩეხოვმა მას თეატრალური სცენისკენ მიმავალი ყველა კარი გაუხსნა...

მიხეილ ჩეხოვი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა 1955 წელს, გიორგი ჟდანოვმა მარტო გააგრძელა პედაგოგიური საქმიანობა. მან დააფუძნა სამსახიობო სტუდია - "თეატრალური ლაბორატორია" და მუშაობდა Metro Goldwyn Mayer-ის სტუდიაშიც, სადაც ინდივიდუალურად ეხმარებოდა ვარსკვლავებს როლზე მუშაობაში.

ია ფარულავას და გიორგი ჟდანოვის შეხვედრა 1993 წელს ლოს-ანჯელესში შედგა. ქართველი ლამაზმანი ჟდანოვის სტუდიაში რობერტ დე ნიროს მეშვეობით მოხვდა. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 1987 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფესტივალის სპეციალურად მოწვეულმა პრეზიდენტმა რობერტ დე ნირომ, კინოფესტივალის ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა აირჩია, სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც მოგვიანებით აშშ-ში გაგრძელდა.

ია ფარულავამ მოგვიანებით თავის წიგნში - "თამაში თამაშის გარეშე" აღწერა გიორგი ჟდანოვთან შეხვედრა:

"ლოს-ანჯელესში რობერტ დე ნირომ თავისი მეგობარი ბარი პრიმუსი გამაცნო. ბარი რუსულ თეატრსა და კულტურაზე უზომოდ შეყვარებული ნიჭიერი მსახიობი გახლდათ. ის დე ნიროს დარად კინოვარსკვლავი ვერ გახდა, ხელი მიჰყო რეჟისორობასა და პედაგოგობას ლოს-ანჯელესის Group Theatre-ში. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ამ ქალაქში ცხოვრობდა და, თქვენ წარმოიგინეთ, ჯერ კიდევ მოღვაწეობდა მიხაილ ჩეხოვის თანამემამულე და თანამოაზრე გიორგი ჟდანოვი, რომელიც "ჰოლივუდის საუკეთესოდ შემონახულ საიდუმლოდ" იყო შერაცხული. მოვძებნე ჟდანოვის ტელეფონის ნომერი, არც ვაციე არც ვაცხელე, ავდექი, დავურეკე და შეხვედრაზეც ჩავეწერე, რომელზეც ერთი საათით ადრე გამოვცხადდი. მღელვარებას ვერ ვფარავდი. სულ ცოტა ხანში უნდა შევხვედროდი ადამიანს, ჩეხოვის ტექნიკის საიდუმლოს ყველა გასაღებს რომ ფლობდა. ამ ტექნიკას მან არაერთი ვარსკვლავი აზიარა...

თავი ამოვყავი ბინაში, სადაც ავეჯი ბოლოს ალბათ 50-იანი წლების მიწურულს შეეძინათ. დრო გაჩერებულიყო, ატმოსფერო ნაცნობი და ახლობელი მეჩვენა. ერთი სიტყვით, Déjà vu-ს შეგძნება დამეუფლა. თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობრის სანახავად ვიყავი მოსული. ძველებურ კაბინეტში მძიმე ხის მაგიდას ჭაღარა, მოგრძო სახის, ჯერ კიდევ ენერგიული მოხუცი მისჯდომოდა. გამჭოლი მზერა ვიგრძენი. რუსულად მითხრა: " არ მსურს მომზადებული მონოლოგის მოსმენა, მხოლოდ იმის გაგება მინდა, რამდენად მგრძობიარე ბრძანდებით".

მთხოვა, ატმოსფეროს შესაქმნელად მისი კარნახით ერთ-ერთი სავარჯიშო შემესრულებინა. ეს დავალება ჩემთვის უცხო აღმოჩნდა. აქამდე ვიცოდი, რომ ატმოსფეროს ძირითადად რეჟისორი ქმნიდა. ვასრულებდი პედაგოგის მითითებებს და საოცარი შეგრძნება მეუფლებოდა - ეს ყველაფერი ხომ ნაცნობია?! ჩემი სხეულიდან თითქოს ისევ ავიწიე. ეს ხომ ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ განვიცადე ბატონი მიშას კლასში (ია ფარულავამ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფი დაამთავრა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში), წარმოსახვაში ჩემ გარშემო ძლიერი ატმოსფერო შევქმენი, რომელიც დამოუკიდებელ ცოცხალ ენერგიად იქცა და ჩემი უხილავი პარტნიორი გახდა. ვხედავდი, როგორ გაიტაცა მხცოვანი პედაგოგი ამ თამაშმა ისე, რომ თავად შემოვიდა მასში. სავარჯიშო პატარა წარმოდგენას დაემსგავსა და კიდევ კარგა ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მორიგი სტუდენტის ზარი, რომელმაც თვალის დახამხამებაში გააქრო შექმნილი ატმოსფერო.

დავალება ოთხიანზე შემისრულებია. ეს, როგორც შემდეგ გავიგე, ბატონი ჟდანოვისგან იშვიათი შეფასება ყოფილა...

მოგვიანებით მე დამრჩება მისი აღრიცხვის ჟურნალი, სადაც ამოვიკითხავ: "მოვიდა ლამაზი, ხუჭუჭთმიანი ქართველი გოგონა, ნამდვილ ბოშას ჰგავს. ძალიან ნიჭიერია, ოღონდ ჯერ კიდევ გაუხსნელი, უნდა დავეხმარო..."

ჯგუფში ჩავირიცხე. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთ დროს მისტიკური ბურუსით მოცული ჩეხოვის ტექნიკა, ამიერიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო..."

ია ფარულავა ჯერ გიორგი ჟდანოვის სტუდენტი შემდეგ კი მისი თანაშემწე და ტრენერი გახდა, მათ ერთად იმუშავეს ჩეხოვის სამსახიობო მეთოდის პრინციპების განახლებაზე.

გთავაზობთ უნიკალურ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებენ ტრენინგს ერთად ია ფარულავა და გიორგი ჟდანოვი, რა წერილი მიიღო ჟდანოვმა აშშ-ს პრეზიდენტ ბინ კლინტონისგან. ვიდეომასალაში ასევე შევიდა კადრები გიორგი ჟდანოვის 90 წლის იუბილიდან, სადაც პედაგოგი ია ფარულავას ახასიათებს, ამბობს რომ მან ზედმიწევნით იცის ამ ტექნიკის პრინციპები და ის არის მეთოდის გამგრძელებელი...

აგრეთვე საინტერესო ეპიზოდია, როცა გიორგი ჟდანოვი ია ფარულავა ჩუქნის ბროშს, როგორც მის საუკეთესო მოსწავლეს, ბრწყინვალე მსახიობსა და პედაგოგს... აღნიშნული კადრები მომზადებულია დოკუმენტური ფილმის "რუსეთიდან ჰოლივუდში" (From Russia to Hollywood) გადაღებებისას, თუმცა ეს ეპიზოდი საბოლოო ჯამში ფილმში არ შევიდა. აღნიშნული ფილმი ჟდანოვის სტუდიის ყოფილმა სტუდენტმა რეჟისორმა ფრედერიკ კიფმა გადაიღო.

გიორგი ჟდანოვი 1998 წელს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში. როგორც თავად ია ფარულავა იხსენებს, ჟდანოვის ანდერძის თანახმად ის, გრეგორი პეკი და კიდევ ორი ადამიანი, პატარა გემით გავიდნენ ოკეანეში და გიორგი ჟდანოვის ფერფლი გაატანეს წყალს...

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე, მფლობელი - ია ფარულავა

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა