ავტორი:

აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხაზური "დრესკოდი" - ტურისტებს საცურაო კოსტიუმებით ქალაქში სიარული აეკრძალათ

აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე ჩაცმასთან დაკავშირებით ამკრძალავი ნიშნები გაჩნდა.

აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო. ბოლო წლებია, ეს პერიოდი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, ე.წ. ხელისუფლებისა და დამსვენებლებისთვის თავის ტკივილად იქცა; ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოხატავენ დამსვენებლების ჩაცმასთან დაკავშირებით, აფხაზების თქმით - საცურაო კოსტიუმებით სტუმრებს შეუძლიათ იარონ ზღვის სანაპიროზე, მაგრამ არა ქუჩაში. მათივე თქმით, ეს ადგილობრივების ტრადიციების შეურაცხყოფაა...

ბიჭვინთის ხელმძღვანელობამ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და უკვე გაჩნდა ”დრესკოდის” ბანერები, ე.წ. ამკრძალავი ნიშნები, რაც ტურისტებს ქალაქში შილიფად ჩაცმას უზღუდავს.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, ასეთი მიდგომა ტურისტებს შემცირებას გამოიწვევს, რაც რეგიონში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაამწვავებს. მათივე თქმით, აფხაზეთში ის ნაკადი ჩამოდის, ვისაც სხვა გამოსავალი არ აქვს, ვინც დასვენებას რისკავს, რადგან წლის განმავლობაში როგორღაც დაზოგა თანხა; ასევე ისინიც, “ვინც საბჭოთა წლებიდან აფხაზეთში ისვენებს და იქაურ ზღვასა და კლიმატს ვერ ღალატობს.”

თუმცა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ “გამართლებული იქნება, თუ ასეთი ბანერები სოხუმსა და გაგრაშიც დაიდგმება, რადგან ამაყმა აფხაზმა ერმა ჩამოსულ სტუმარს იმდენის უფლება არ უნდა მისცეს, რომ თავად დარჩეს შეურაცხყოფილი.”

ბანერის გამოჩენით უკმაყოფილი დარჩნენ რუსები, რომელთა თქმითაც, ასე გაგრძელების შემთხვევაში ტურისტები იქ აღარ ჩავლენ... ერთი სიტყვით, ეს თემა ინტერნეტსივრცეში მწვავე განხილვის საგნად იქცა. აი, რას წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში:

ჯულიეტა გორდელაძე, სოხუმელი აფხაზი: ”სწორია. ქალაქში ისე ჩაცმულმა უნდა იარონ, როგორც ქალაქს შეეფერება! იმ ქვეყანას პატივი უნდა სცენ, რომელშიც ჩამოვიდნენ. არაფერს ისეთს არ ვთხოვთ ხელმძღვანელობას და არც ისინი ითხოვენ იმ ბანერების შინაარსით, რაც მიუღებელია. ეს არის წესრიგი, რომელიც უნდა შესრულდეს!”

ანა ჟდე, აფხაზი: ”გელენჯიკსა და სხვა ქალაქებშიც არის მსგავსი ბანერები და მე ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამის შესახებ ვინმე მაფრთხილებს. ადამიანებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რომ რეალობა გაითვალისწინონ... იმიტომაც გამწვავდა ვითარება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომ შეუფერებლად ეცვათ...”

სვეტლანა: “ძალიან კარგი სიახლეა... რაც მათ აცვიათ, ის შორტი კი არა, საცვალია. შეუძლებელია უყურებდე ასე ჩაცმულ 13 წლის გოგონას, საინტერესოა, სახლიდან როგორ უშვებენ მათ მშობლები...”

ირინა ფედინა: “სწორია!.. ფულადი ჯარიმაც უნდა დააკისრონ, რომ მეტჯერ ასე არ მოიქცნენ...”

ელენა ლუგინინა, რუსეთის მოქალაქე: “ასე უნდა აბა რა, ჯარიმაც უნდა დააკისრო... მე იმ ხალხის გამკვირვებია, ვინც მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ ფულს აფხაზეთში ჩაიტანს და იქ დახარჯავს. თქვენ არასდროს არაფერი გეშველებათ."

ვლად ვალენსკაია: “ნეტავ ისე მოხდეს, რომ ჩვენს ხალხს გონება გაუნათდეს და აღარავინ ჩამოვიდეს თქვენთან. ჰოდა, იცხოვრეთ ტურისტების გარეშე, თქვენი მენტალიტეტით...”

ანა შანავა: “და რა არის ცუდი ჩვენ მენტალიტეტში?.. მე ძალიანაც მსიამოვნებს, რომ მეზობელი სოჭისგან განვსხვავდებით, უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვისაც უყვარდება ეს ქვეყანა თავისი კულტურისა და ტრადიციების გამო, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მსოფლიო გლობაზაციაში არ ავითქვიფოთ..."

ილონა აკობია: “რა საინტერესო აკრძალვაა... რა გამოდის? ქალებს არ შეუძლიათ საცურაო კოსტუმით სიარული და მამაკაცებისთვის ნებადართულია? ყოჩაღ, ასე აუცილებლად წავალთ წინ და ტურიზმსაც ავაყვავებთ... მერე არ დაიწყოთ წუწუნი, რომ ხალხი არ ჩამოდის ან დაბალი განათლებისა და მატერიალური შესაძლებლობის ტურისტები ჩამოდიან. მოდით, ჩოხებით დავიწყოთ გარუჯვა. ჩვენი წინაპარი ხომ ჩოხით დადიოდა?!...”

ოლგა ტალაგაევა: “ყველა ქვეყანაში ტურიზმს თავისი წესები აქვს, თქვენთან კი, პლაჟზე საცურაო კოსტიუმით ჩასვლის უფლებაც არ აქვს დამსვენებელს... როგორ გეტყობათ კომენტარებში, რომ “ძალიან გიყვართ” რუსები... აფხაზეთის გარდა სადმე ყოფილხართ? ნახეთ ევროპის ქვეყნების სანაპიროებზე რა ხდება, ხალხი ისვენებს როგორც სურს, ეს განტვირთვაა და არავითარი მოთვალთვალეები არ ჰყავთ, თქვენგან განსხვავებით...

თქვენ გინდათ, რომ რუსები ჩამოვიდნენ, ფული დაგიტოვონ და სწრაფადვე დაბრუნდნენ უკან... იქნებ თქვენს თავს შეხედოთ, როგორ გაცვიათ, ასაკში შესულ ქალებს სოხუმის სანაპიროზე ბრეტელებიანი კაბით სეირნობის უფლებას არ აძლევთ, აკრიტიკებთ, კიცხავთ, ჭორავთ, უზნეოს უწოდებთ. ნეტა ვინ გიდგენთ ამ ამაზრზენ წესებს?!”

როგორც ამ კომენტარებიდანაც ჩანს, სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესი ნაწილი ამკრძალავი საინფორმაციო ნიშნების მომხრეა. მათი თქმით, კარგი იქნებოდა, "აფხაზეთში ჩამოსვლამდე ტურისტს ქვეყნის ისტორია წაეკითხა, რათა იქაურ ტრადიციებზე წარმოდგენა ჰქონოდა... ასე რომ იყოს, მის ტრადიციებს პატივს სცემდა ყველა, რუსებიც კი...” - წერენ აფხაზები.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი