ავტორი:

"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"

"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"

მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობის გამხელას არ ჩქარობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მთავრობის ხელახლა დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. კულუარული ინფორმაციით, უმრავლესობაში მსჯელობისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, აშშ-ში საქართველოს ელჩის - დავით ბაქრაძის გვარმაც გაიჟღერა. ვინ დაიმსახურებს უმრავლესობის სიმპატიებს, დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, როდესაც „ოცნება“ ოფიციალურად გამოაცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა AMBEBI.GE-ს, კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა:

"უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერ არ დაწყებულა. პოლიტსაბჭოზე თუ იყო ამაზე საუბარი, არ ვიცი. ასე რომ, მართლა არ მაქვს ინფორმაცია, ვის კანდიდატურას დააყენებს მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად. თუ იქნება ქალი, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატს ხელმძღვანელობდა. ელჩად მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა, ახლა კი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობს. არსებული ინფორმაციით, ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრია. საკმარისია თუ არა ივანიშვილის ფავორიტობა ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მისაღებად, ოქტომბერში გაირკვევა. მანამდე კი, პოლიტოლოგები საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ.

გია ხუხაშვილის ვარაუდით, საპრეზიდენტო არჩევნებს „ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი მოიგებს.

"პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში უალტერნატივობის განცდას ბადებს. პრობლემა იმაში კი არ არის, თუ რამდენად ავტორიტეტულია „ოცნება“, არამედ იმაში, რომ ოპოზიცია არ არის ავტორიტეტული. დღეს ოპოზიცია უფრო მეტი პრობლემებით არის დახუნძლული, ვიდრე ხელისუფლება.

როდესაც ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა, იმარჯვებს ის, ვისაც აქვს მეტი რესურსი - ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური. „ოცნებას“ ამ ნეგატიურ ბრძოლაში რესურსების თვალსაზრისით აქვს აშკარა უპირატესობა. მისი შანსებიც, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია იმისდა მიუხედავად, ვინ იქნება კანდიდატი. მესამე არჩევანს ვერ სთავაზობს ვერავინ. თეორიულად ყველაზე დიდი შანსი ექნებოდა ზეპარტიულ კანდიდატს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი კანდიდატი არ ჩანს" - გვითხრა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სავსებით შესაძლებელია ქალის გაპრეზიდენტება, თუმცა არასწორად მიაჩნია კანდიდატებთან დაკავშირებით გენდერული დაყოფა.

"ქალი პრეზიდენტი რატომაც არა, შესაძლებელია და მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ქალები საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამ ნიშნით საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი, საერთოდ არ მიმაჩნია სწორად. ეს თვითონ ქალების შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ კანდიდატების შერჩევა დავიწყოთ გენდერული ნიშნით.

ჩამოთვლილ კანდიდატებს ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ. აქედან გამომდინარე მათთვის საკმაოდ რთული გზა იქნება გასავლელი. მაია ცქიტიშვილი კარგი ადამიანია, პროფესიონალი, მაგრამ რთულად წარმომიდგენია საჯარო შეხვედრებზე დადიოდეს პოლიტიკური განცხადებით. ეს მისთვის ძალიან რთული და არაკომფორტული იქნება", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილის გარდა „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს გაუჭირდება მოქმედი პრეზიდენტის დამარცხება.

"მაია ცქიტიშვილს გაუჭირდება მარგველაშვილთან ბრძოლა. თან, თავად ამ ქალბატონს რატომ უნდა აინტერესებდეს პრეზიდენტობა არ მესმის. ახალგაზრდა ადამიანია, ძალღონით სავსე, პატიოსანი და საპენსიო თანამდებობა რაში უნდა აწყობდეს, არ მესმის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნარმანია მერად ავირჩიეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს არჩევნებში კენჭი იყაროს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს, ივანიშვილის გარდა...

ან დავით ბარქაძე რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტად, ეგეც არ მესმის. მას არანაირი დამსახურებაც კი არ აქვს. ასეა თუ ისეა, ივანიშვილს დიდი ნდობის ფაქტორი აქვს. ხოლო თუ მარგველაშვილი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ ვინც გინდა წამოაყენონ, „ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი გაიმარჯვებს, თუნდაც გუგული მაღრაძე ან ნებისმიერი სხვა“, - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ცინცაძე.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე