აშშ-ში გაზეთის რედაქციაზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ანაპოლისში, მერილენდში მოხდა. CNN წერს, რომ ეს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო.
ხუთივე გარდაცვლილის ვინაობა უკვე ცნობილია. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ვენდი უიტერსი, რებეკა სმიტი, ჯონ მაკნამარა, ჯერალდ ფიშმენი და რობ ჰაიესენი დაიღუპნენ. ისინი გაზეთის თანამშრომლები, ჟურნალისტები და რედაქტორები იყვნენ.
CNN-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯეროდ უორენ რამოსია. მან 2012 წელს გაზეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა საქმე განხილვაში არ მიუღიათ.
ეჭვმიტანილი შენობაში თოფით შევიდა და ცეცხლი გახსნა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა, მისი თქმით, ანაპოლისში მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს. ის სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს და აღნიშნავს, რომ ის „ლოცულობს დაღუპულებისთვის და მათი ოჯახებისთვის“.
მომხდარის მიუხედავად, Capital Gazette-ის მომდევნო ნომერი დღეს გამოვა. გაზეთმა პირველი გვერდის ფოტო გაავრცელა.
გამოცემის ჟურნალისტი ტერი სმიტი, რომელიც სროლის დროს შენობაში იმყოფებოდა, CNN-თან ამბობს, რომ მომხდარი აბსოლუტურად შემზარავი იყო.
მისი თქმით, თავდამსხმელმა კარის მიღმა ისროლა, შემდეგ შევიდა ოთახში და თოფი გადატენა.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდებოდა. პირველ სართულზე, ოთახის გარშემო მხოლოდ შუშის კედლებია, თავდამსხმელს ვერაფერი დააბრკოლებდა“, - იხსენებს სმიტი.
Evening Standard-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 38 წლის რამოსი დაკავებულია.